სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვირიკაშვილმა დღეს ჩხოროწყუს მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩხოროწყუს მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გოგა გულორდავა რეგიონის პრობლემატიკას, სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს და საქართველოს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი იქნება.

„მოგეხსენებათ, გოგა გახლავთ წალენჯიხის გამგებელი. იგი არის განათლებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული ადამიანი. ის პროფესიით იურისტია და ძალიან კვალიფიციურად შეძლებს წარმოადგინოს ადგილობრივი საკითხები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ და მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაპირებთ 2020 წლის ბოლომდე ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში, როგორიც არის მაგისტრალები, დამაკავშირებელი გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის, დავასრულოთ, რათა ტურისტები ჩამოვიდნენ ამ მშვენიერ რეგიონში, მათ შორის ჩხოროწყუში და ისიამოვნონ საქართველოს ისტორიით. გაეცნონ მას და რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივ მოსახლეობას, ოჯახური ტიპის სასტუმროებს და ა.შ. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამ ამოცანის განხორციელება თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია,“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ანაკლიის პორტის სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეიდან 3 წელიწადში პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება გარდამტეხი წერტილი. ანაკლია და სამეგრელო გახდება საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი,“-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება: „იმისათვის რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთის მხრივ ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორეს მხრივ ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან, და რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსაფრთხოება ვერ იქნება. ჩვენი მთავრობა არის ის ერთადერთი მართლაცდა ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან და რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, გვჯერა რომ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც აქ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სურს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეძლებს. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობ, რომ ისეთი ღირსეული კაცი, როგორიც არის გოგა გულორდავა, უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს და წალენჯიხას საქართველოს პარლამენტში“.

გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს ჩხოროწყუ-წალენჯიხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გოგა გულორდავას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100