სოფელი ჭორვილა: მხოლოდ ფაქტები და ამაზრზენი ისტორიები ივანიშვილზე
„წმინდა ბიძინა მდიდარი“ რომ უცნაური აკვიატებებით გამორჩევა, ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა. მისი ოკულტისტური გატაცებების შესახებ თავს აღარ შეგაწყენთ. ამჯერად, იმ ისტორიებს მოგითხრობთ, რომლითაც კიდევ უფრო ნათელი გახდება ჭორვილელის „ჰუმანური“ დამოკიდებულება ხალხის, საზოგადოებისა თუ თავისი თანამშრომლების მიმართ...
მაშ ასე, ისტორია პირველი - როგორ და რატომ შეაჭამა ივანიშვილმა, „ჭორვილის სასახლის გამწვანების უფროსს“, დიადი ჭორვილის მიწა...
ჯერ მიწა შეაჭამა, შემდეგ კი, დააჭერინა...
ბატონი ვალოდია ნადირაძე ბიძინა ივანიშვილთან წლების განმავლობაში მუშაობდა. მართალია, ის ახლა ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში იქარვებს დარდს და ოლიგარქთან მუშაობა მხოლოდ მწარედ აგონდება, თუმცა, იყო დრო, როცა ჭორვილის დიად მიწაზე ფეხდადგმულთა შორის, ერთ-ერთ ყველაზე „საჭირო, სანდო და საინტერესო“ პერსონად ითვლებოდა რუსული ბეგრაუნდის მქონე მილიარდელის კარზე...
ვალოდია ნადირაძის მოვალეობაში ბიძინას „ჭორვილის სასახლეში“, გამწავენების სფერო, მისი პინგვინებისა თუ ოთხფეხა ცხოველთა კვების რაციონის შედგენა და ზოგადად, „ჭორვილის ზოოპარკის“ ბინადართა მეთვალყურეობა შედიოდა.
წლების წინ, როცა ბედის ირონიით, ვალოდია ნადირაძე ჭორვილაში მოხვდა, ოლიგარქმა, „გასაუბრების“ დროს ჰკითხა:
- რატომ უნდა დაგაწყებინო ჩემთან მუშაობა, როგორ დამიმტკიცებ რომ ერთგული კაცი ხარ?
ვალოდია ნადირაძემ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და პინგვინთა პატრონს ასე უპასუხა...
- ბატონო ბიძინა, თუ გინდათ აი, თქვენი ეზოს მიწას შევჭამ...
- შეჭამე - „სთხოვა“ ოლიგარქმა ...და სამსახურში აგიყვან...
როგორც ჩანს, ბატონ ვალოდია ნადირაძეს ერთი მხრივ, ძალიან უჭირდა, მეორე მხრივ კი, უზომოდ სჭირდებოდა სამსახური. ამიტომ, მან, ოლიგარქს „თხოვნა“ შეუსრულა და ჭორვილის „წმინდა“ მიწა დააგემოვნა...
ჯერ კიდევ მიწით ჰქონდა პირი გამოტენილი, როცა ბატონმა ვალოდიამ „ზევსისგან“ ნეტარი სიტყვები გაიგონა - შენ ყოფილხარ კაცი, ხვალიდან ჩემთან იმუშავებ...
ამ „ბედნიერი“ დღის შემდეგ, ვალოდია ნადირაძემ პროჭორვილელთან რამდენიმე წელი იმუშავა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი უამრავი საინტერესო ისტორია გადახდა თავს...
მის თვალწინ ხდებოდა ადამიანების აღზევება-დაცემა, სამსახურში აყვანა თუ ჭორვილის სასახლიდან მათი გაპანღურება... თავადაც საკმაოდ მკაცრ პირობებში უხდებოდა მუშაობა, თუმცა, ბატონმა ვალოდიამ ოლიგარქის გული ბოლომდე მაინც ვერ მოიგო...
როგორც ჩანს, თანამედროვე „კამოს“ ცქერა ბიძინა ოლიგაქრს მობეზრდა და ერთ მშვენიერ დღეს, ჯერ სამსახურიდან გააგდო, მოგვიანებით კი უჩივლა... შედეგად, ბატონი ვალოდია, ისევე როგორც ივანიშვილის ქვისლი თუ სხვანი, ციხეში აღმოჩნდა...
მიზეზი მარტივი იყო - პროჭორვილელის კარისკაცთა განცხადებით, „მიწისმჭამელი“ ვალოდია ნადირაძე არაკეთილსინდისიერად მუშაობდა. „აღმოჩნდა“ დანაკარგიც და... სხვა დანარჩენი უკვე ფორმალობა იყო...
ჭორვილის „სუფრული“ ტრადიცია
ბიძინას კაცების მიერ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, თუ ჭორვილაში მოხვდებით, „მშვიდობის“ შემდეგ დიადი პროჭორვილელის სადღეგრძელო ფეხზე ამდგარმა უნდა შესვა...
მართალია, საჩხერეში ფეხზე თვით დიდი მუხრან მაჭავარიანის ან აკაკი წერეთლის სადღეგრძელოს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელები მიირთმევენ, თუმცა, ეგ არაფერი - მთავარია ივანიშვილის სადღეგრძელოს დროს წამოიმართო, აქო და ადიდო „ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი“ თუ საჩხერის რაიონის „მფარველი“, უსურვო დღეგრძელობა და თან, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მეტი პათეტიკით წარმოსთქვა.
თუ ბედმა გაგიღიმა და ბიძინას კაცებს შენი სადღეგრძელო-რევერანსი მოეწონათ, შესაძლოა გადმოგდებული „ძვლის“ ნატეხიც შეგხვდეთ...
თუმცა, თუ გაკერპდი, დაგეზარა ფეხზე წამოდგომა ან ჭორვილის „სუფრული“ ტრადიცია გააპროტესტე, ან სახლს არ გადაგიხურავენ ჭყეტელა ფერების კრამიტით, ან იმ გროშებს ვეღარ ეღირსები, რომელსაც ოლიგარქი მისი გარემოცვის რეკომენდაციით ჭორვილელებს თუ ზოგადად, საჩხერის რაიონის მკვიდრთ ურიგებს ყოველთვიურად...
სწორედ ასე მოუვიდა ერთ საჩხერელ გლეხს, სოფელ მერჯევიდან, რომელიც ჭორვილაში, კერძოდ კი მჭედლიშვილების უბანში ფეხზე არ წამოუდგა ჩვენი თანამედროვეობის ბუმბერაზ ადამიანს, „წმინდა ბიძინა მდიდარს“...
ისევ პინგვინი
„წმინდა ბიძინა მდიდარისა“ და პინგვინის შესახებ ისტორია, რომელიც პირველად „პრესა.ჯი“-მ გამოაქვეყნა, უკვე ძალზედ პოპულარული გახდა. მოკლედ შეგახსენებთ ამ ისტორიას...
ერთხელ, როცა პინგვინის მომვლელმა ოლიგაქრს აცნობა, რომ მისმა საყვარელმა ცხოველმა ბეღურა გადაყლაპა, ივანიშვილმა პინგვინის მეთვალყურეს აგინა და გაკვირვებულმა უყვირა - რა უნდოდა ბეღურას პინგვინის პირში? გაოცებულმა მომვლელმა კი ოლიგაქრს შეჰკადრა - ბატონო ბიძინა, ბეღურას რა უნდოდა პინგვინის პირში თუ პინგვინს რა უნდოდა ჭორვილაში? მაშინ, ეს პინგვინური ტრაგედია ამ ცხოველის დაკრძალვის ცერემონიალით დასრულდა...
დღეს კიდევ ერთ ახალ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ისევ პინგვინსა და იმ საცოდავი პინგვინის პირად მზარეულს (ასეთიც არსებობს) გადახდა თავს...
„წმინდა ბიძინა მდიდარის“ განკარგულებით, პინგვინის რაციონში ყოველდღიურად მაღალი ხარისხის (ძვირადღირებულიც) თევზი უნდა ყოფილიყო. პინგვინის მომვლელები საჩხერეში ყოველდღიურად ჩადიოდნენ, რათა ჩვენს პინგვინს საკვები არ მოჰკლებოდა და არ „ჩამომხმარიყო“. ივანიშვილსაც, როცა ჭორვილაში იყო, არასოდეს ავიწყდებოდა თავად შეემოწმებინა პინგვინის წონა - ხომ უნდა სცოდნოდა ოლიგაქრს სუქდება თუ არა ჩვენი კოლორიტული სტუმარი?
ჩვენ გმირს კი, რომელსაც პინგვინისთვის თევზეულის ყიდვა ჰქონდა დავალებული, დიდად არ ეპიტნავებოდა ერთი უჩვეულო გარემოება... ის ყოველდღიურად ისეთ თევზს ყიდულობდა, რომელიც თავად არასოდეს დაეგემოვნებინა.
„მე „ხამსას“ ვჭამ, ესენი კი იმ პინგვინს უმაღლესი ხარისხის თევზით კვებავენ“ - ჩიოდა პინგვინის პირადი მზარეული და ერთხელაც ცდუნებამ თავისი გაიტანა... წავიდა საჩხერეში, პინგვინისთვის განკუთვნილი თევზის ნაწილი სახლში წაიღო, მეორე ნაწილში კი მარილიანი „ხამსა“ შეურია და ბიძინას პინგვინს აჭამა...
საწყალი პინგვინი მაშინ სიკვდილს კი, მაგრამ „ოყნებს“ ვერ გადაურჩა. მისმა სათუთმა ორგანიზმმა მარილიანი „ხამსა“ ვერ აიტანა და შეუძლოდ გახდა... საჩხერის რჩეულმა ექიმებმა თუ ექიმბაშებმა თავი არ დაზოგეს... შედეგად, პინგვინი მალევე გამოჯანმრთელდა და დღესაც ჩვენს გვერდით იქნებოდა, ჩვენ კი, ასე დამწუხრებულები არ ვიქნებოდით მისი სიკვდილით, რომ არა ის „ბოროტი“ ბეღურა... არადა, მართლაც, რა უნდოდა იმ ბეღურას პინგვინის პირში ან პინგვინს ჭორვილაში?!
კომენტარი