24 თებერვალს გიორგი სანაიას 37 წელი შეუსრულდებოდა (ვიდეო)
დღეს ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, გიორგი სანაიას 37 წელი შეუსრულდებოდა.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. მისი მკვლელობა დღემდე ბურუსითაა მოცული, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეთაურობით, მაშინ თითქმის ყველა თანამდებობის პირმა პირობა დადო, რომ მკვლელობას გამოიძიებდნენ.
მოგვიანებით მართლაც გამოქვეყნდა გამოძიების მასალები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი დღემდე არ იზიარებს და გიორგი სანაიას მკვლელობაში არა პირად მოტივებს, არამედ პოლიტიკურ მოტივს ხედავს:
ერთ-ერთი ვერსიით, „რუსთავი-2“-ის პოპულარული ჟურნალისტი პანკისის ხეობიდან მისთვის მიწოდებულ ვიდეოფირს შეეწირა, სადაც მავანთათვის არასასიამოვნო დეტალები იყო ასახული, თუმცა, ამ ვერსიის პირდაპირი მტკიცებულება დღემდე არ არსებობს.
2001 წელს გიორგი სანაიას მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჟურნალისტის მკვლელობის სასწრაფოდ გამოძიების მოთხოვნით მოკლულის კოლეგებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადებაც, სადაც მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ ხელისუფლებას დააკისრეს. გიორგი სანაიას დაკრძალვაში ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ტრადიციულად, მოკლული ჟურნალისტის დაბადების დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები მის საფლავთან აღნიშნავენ.
კომენტარი