სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული, მამაპაპური სექსი

ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს

„ჩვენთან სექსი არ არის!“ - ეს, ალბათ, საუკუნის ფრაზაა, რომელიც მკაცრი თავდაჯერებულობით წარმოთქვა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ფრიგიდულმა მოქალაქემ გასული საუკუნის მიწურულს. იქნებ სულაც არ იყო ფრიგიდული, მაგრამ მაშინ მისმა თავდაჯერებულმა და გულუბრყვილო ტონმა გვარიანად აცინა ამერიკელები. ნუთუ მართლა?! - გვარიანად დაფიქრნენ ჰომოსოვიეტიკუსებიც, რომლებიც გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს პირველ ტელეხიდს სსრკ-სა და აშშ-ს შორის.

ეს ფრიგიდული საბჭოთა ამხანაგი ბევრს გაახსენდა ქართულენოვანი „პლეიბოის“ პირველი ნომრის გამოსვლისას, როცა ჟურნალის ფურცლებზე ქართველი მზეთუნახავები გაშიშვლდნენ და ბროლის კოშკში გადამალული ღირსებანიც თამამად გამოამზეურეს.

„ჩვენთან სექსი არ არის!“ _ სხვადასხვა ტელეარხსა თუ ბეჭდურ გამოცემაში ყინჩად ამტკიცებდნენ ისინი, ვისაც ქალის, როგორც ასეთის, ეშინია და თვალებზე ეფემერულ ქართულ ტრადიციებს იფარებს.
ზოგიერთმა „პლეიბოი“ მხოლოდ სექსთან გააიგივა და მკაცრი განაჩენიც გამოიტანა: ქეთევან დედოფლისა და ნესტან-დარეჯანის ქვეყანაში „პლეიბოი“ არ უნდა არსებობდეს!

და - რუსუდან დედოფლისა და ფატმან ხათუნის სამშობლოში?!..
რა თქმა უნდა, ელემენტარულად შეუძლებელია, სექსი არ ყოფილიყო ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

მაშ, როგორ გავმრავლდით?!
როგორ მოვიგეთ მრავალი ომი, აურაცხელი წაგებისა და განადგურების შემდეგ?!
როგორ მოვაღწიეთ დღემდე?!

ეს ისეთი კითხვებია, რომელიც არ გვინდა, მხოლოდ რიტორიკად დარჩეს. ამიტომ ამჯერად, ცოტა სერიოზულად დავინტერესდით _ იყო თუ არა სექსი საქართველოში?
ჩვენი დასკვნა ორაზროვანია _ იყო და არც იყო!

იყო და არა იყო რა :-)

იყო იმიტომ, რომ მრავალი წყარო მიუთითებს საქართველოში სექსის, როგორც არამხოლოდ განაყოფიერებისა და გამრავლების საშუალების თაობაზე და არ იყო - იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მაინც ყოველთვის უმრავლესობაში იყვნენ ისინი, რომლებსაც სექსი მხოლოდ განაყოფიერებისა და გამრავლების საშუალებად მიაჩნდა.


სათავეებთან

მაინც საიდან იღებს სათავეს ჩვენი ეროვნული, მამა-პაპური სექსი?
იქნებ იმ ზეზვასა და მზიას ველური გზნებიდან, რამდენიმე მილიონი წლის წინათ დმანისში რომ სახლობდნენ? ეს ძალიან შორეული ამბავია, მაგრამ უხსოვარი წინაპრების ძვლებმა 21-ე საუკუნეში უძველესი ევროპული ერის სტატუსი მოგვანიჭეს. ან იქნებ ჩვენებური ღვინის ღმერთის _ ბადაგონის ერეგირებული ასოდან იწყება ქართული სექსის თავგადასავალი? არქეოლოგებმა ამ პატარა ბრინჯაოს სკულპტურას თავდაპირველად ქიტესა დაარქვეს (ხუმრობით). სულ ახლახანს კი ახალი ქართული ღვინის კომპანიის _ „ბადაგონის“ ემბლემად იქცა.

ხუმრობა როდია - ბადაგონის ერეგირებული ასო უკვე ბრენდია! სწორედ ის ამცნობს მთელს მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ცოტა ხნის წინათ ყველამ ვნახეთ, თავისი ურცხვად შემართული იარაღით როგორ დარაჯობდა ბადაგონი ქართულ საგამოფენო პავილიონს ლონდონში (თუ სწორად გვახსოვს) - ალკოჰოლური სასმელების მეტად პრესტიჟულ ფესტივალზე.

ბადაგონი _ ეს ჩვენი ეროვნული, წარმართული ღმერთი იმ ეპოქიდანაა, როცა დედამიწის ზურგზე მრავალგან არსებობდა ფალოსის კულტი. მაშინ საქართველოშიც ბევრგან შეხვდებოდით „წმინდა ალაგას“ წამოჭიმულ გიგანტურ ფალოსს. თუ სწორად გვახსოვს, ფალოსის კულტი წინ უსწრებდა ყველანაირ პიროვნების კულტს, სტალინისა და შევარდნაძის პიროვნების კულტების ჩათვლით. ფალოსიც, როგორც ასეთი, არავის უკვირდა. უკვირდა კი არა, წარმართულმა ტრადიციებმა, რომლებიც ამ კულტს უკავშირდება, საქართველოში ლამის დღევანდლამდე მოაღწია.

ისე, კულტს ჩვენ ვეძახით, თორემ მისი ქურუმებისათვის, რომლებიც მსოფლიოში ახლაც არიან, ფალოსი ისეთივე სიწმინდეა, როგორიც ჰინდუისტისთვის ოთხი ვედა ან ქრისტიანისთვის ჯვარი. ფალოსი არ ყოფილა უბრალოდ „კულტის საგანი“. ჩვენი წინაპრებისთვის ის იყო ბუნების ძლიერების, ნაყოფიერების და ღმერთის მამრობითი საწყისის, სამყაროს დასაბამის სიმბოლო.

აპოლონ წულაძის ნაშრომში „ეთნოგრაფიული გურია“ აღწერილია „ფოთლით ცეკვა“, რომელიც, ავტორის დასკვნით, გაზაფხულის მიგებებისა და გამრავლების კულტთან დაკავშირებული უძველესი რიტუალია. საინტერესოა, რომ ფალოიდური კულტურის ეს აშკარა „გადმონაშთი“ კარგად ერწყმის ქრისტიანულ დრესასწაულს - აღდგომას. თუმცა, აჯობებს, თავად ეთნოგრაფს მოვუსმინოთ:

„აღდგომასა და მეორე-მესამე დღეს (ახალ კვირამდე) სათამაშოზე ცეკვა რომ დაიწყებოდა, 10-15 საცოლედ შეღერებული ჭაბუკი სათამაშოდან მოშორებით, ერთ-ერთ კარგ მოცეკვავე ვაჟს მთლიანად მორთავდნენ მწვანე ფოთლებით, დაამსგავსებდნენ ადამიანის ფიტულს, ქუდი და ქამარ-ხანჯალიც კი ფოთლებისაგან უნდა ყოფილიყო და ამავე დროს უნდა ჰქონოდა თავის ადგილას კარგა მოზრდილი მწვანე „ფალოსი“. ვაჟი არ უნდა ეცნოთ. როცა ქალ-ვაჟი თავდავიწყებით უვლიდნენ, ამ ფოთლის ვაჟს შემოატარებდნენ, გაარღვევდნენ წრეს და საცეკვაო წრეში შეაგდებდნენ. ის დაიწყებდა ცეკვას და ვაჟს ქალს წაართმევდა, დაღლიდა ერთს, გაიწვევდა მეორეს, მესამეს და შეიძლება მეტსაც, და როცა თვითონაც დაღლას იგრძნობდა, მაშინ „ფალოსს" იშიშვლებდა და იმათ ყველა მხრივ სალამს აძლევდა - „აბაბრიკებდა“.

შეიქმნებოდა ქალების წიოკი. დაირცხვენდნენ, მაგრამ ცალი თვალით მაინც უცქეროდნენ, ვაჟები ჟრიამულობდნენ, იცინოდნენ, ამავე დროს წაეტანებოდნენ მას და ცდილობდნენ ფოთლის შემოგლეჯას, მაგრამ ის წრიდან თავის ტოლებს გაჰყავდათ, ზოგჯერ ვერც კი გაიგებდნენ თუ ვინ ცეკვავდა“.

დაახლოებით მსგავსი რიტუალი აღწერა კონსტანტინე გამსახურდიამ სვანეთში, გასული საუკუნის დასაწყისში. შესაბამისი ეპიზოდის წვრილად გადმოცემას აღარ შევუდგებით ცნობილი რომანიდან - „მთვარის მოტაცება“. გურულების მსგავსად იქ უკვე სვანები „აბაბრიკებენ“ უზარმაზარ ფალოსს და უძველეს ორგიასტულ წეს-ჩვეულებებსაც ვხედავთ, დღესდღეისობით - მხოლოდ თეატრალიზებულს.

სექსი და აკრძალვა

სექსს ხშირად აკრძალული ხილის ეპითეტით მოიხსენიებენ, რადგანაც მთელი სიტკბოება, რაც ორი სხეულის შერწყმას ახლავს თან, ადამიანმა სამოთხეში, საბედისწერო ვაშლის ჩაკბეჩის შემდეგ შეიმეცნა.

როგორც ჩანს, სექსს „აკრძალული ხილი“ მაინც იმ ხალხისაგან ეწოდა, ვინც აკრძალვას წმინდა ადამიანურ გრძნობებთან, თუ ცოდვებთან ბრძოლის კარგ იარაღად თვლიდა. ზოგიერთი მათგანი მეტად პატივცემული ადამიანიც იყო. საქართველოს ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ მათ ხშირად მეფეზე დიდი გავლენაც ჰქონდათ. მათი შიშით და რიდით მეფეები საყვარლებს ვერ იჩენდნენ. ზოგიერთ მეფეს სექსუალური დაუკმაყოფილებლობის პრობლემის მოგვარება სასახლის გარეთაც კი უხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ „ბაითი“ მაგარი ჰქონდა. ასეთნი მდაბიო გლეხის ტანისამოსს იცვამდნენ, ინით წვერს იღებავდნენ, დროებით სახელად გლახუნას ირქმევდნენ და... წავიდა ესემესებიიიი!..

ესემესები კი არა და - მეფური სექსი ბუჩქებში!
არადა - უშიში, ვითარცა უხორცოო - გვამცნობს მემატიანე.
აი, მეფე აშოტ კურაპალატს რომ თავი მართლა უშიში ეგონა, ერთი-ორი ღამით გლეხუჭად არ იქცა და თივის ზვინებში არ იკოტრიალა.

მაგრადაც მოხვდა. ალბათ, იფიქრა, მეფე ვარ და სექსს სადაც ვინებებ, იქ მექნებაო, მაგრამ... გიორგი მერჩულე გვიამბობს:
„ხელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქვეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისაი საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თვისისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა.
ხოლო აცთუნა მტერმან ხელმწიფე იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაი ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაი ფრიად აზრზენდა. რომელსა პირველ არა აქვნდა ეგევითარი ჩვეულებაი, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა...“

მაინც რა ოხერი ვინმეა ეს „ეშმაკი ტრფიალებისაი“!.. მეფესაც კი შეუძვრება და დედოფლის ღალატისკენ უბიძგებს... მაგრამ გრიგოლ ხანძთელი ფხიზლობს („და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმე იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად...“). იგი პირადად მიდის „სიძვის დედაკაცთან“, რომელსაც ღვთისმსახურისადმი შიში იპყრობს და თავს იმართლებს: „მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაითგან გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაი უწყი, თუ რაი ვყო“. გრიგოლ ხანძთელი ასწავლის, რაც უნდა „ჰყოს“ - მონაზვნად ამწესებს ერთ-ერთ მონასტერში. შემდეგ კურაპალატის ჯერიც დგება. მეფე თავდაპირველად განრისხდება, უკანონო, მაგრამ სულზე უტკბესი სექსის წყარო რომ დაუშრიტეს, მაგრამ ბოლოს ბედს ეგუება. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ისტორიას შემორჩა კურაპალატის უმწეო ამოძახილი: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“.

თითქოსდა ცუდი რა არის, მეფის მორალურ ავტორიტეტს და რეპუტაციას რომ ღვთისმსახური უფრთხილდება, მაგრამ ჩვენ სექსზე და აკრძალვაზე ვსაუბრობდით. აკრძალვას კი ხშირად უკიდურესობები ახლავს თან. დღეის გადასახედიდან დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ ჩვენი წმინდა მამანი და მეუფენი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ მტკვარში ყრიდნენ. რუსთაველს ბერად აღკვეცამაც ვერ უშველა. არადა, საბაბიც ბევრი მისცა მათ - მორალის მოდარაჯეებს. განსაკუთრებით ეს ფატმან-ხათუნია მეტად გამაღიზიანებელი - ბოზი, ვაჭარი, ლიდერი, თავისუფალი ცხოვრების წესითა და სილაღით დროს რამდენიმე საუკუნით უსწრებს და დღევანდელ ემანსიპირებულ დიაცებთან უფრო ახლოს დგას. ერთგან ავთანდილს შესჩივლებს: „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალათ ნასი“.

შთამბეჭდავია თამამი ეროტიკული ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“: „მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა“ და კიდევ ეს სტრიქონები, ირონიული აფორიზმით: „ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“. რა არის ეს - ქალი ზემოდან?!.. რაც შეეხება ავთანდილს, მისთვის ეს ღამე საამო ვერ არის, რადგანაც „ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა“. სექსი ძრწოლვით?!..

დიახ, შოთა რუსთაველის მთავარი გმირები მაინც მონოგამიური ცხოვრების წესის მიმდევარნი არიან. გრძნობებთან დაკავშირებით თვითონაც გამოხატული მწერლური პოზიცია აქვს: „მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში“. ეს პოზიცია პოემაში კარგად ჩანს, მაგრამ საქართველოს ისტორიის რაღაც ეტაპზე მაინც დადგა დრო, როცა მორალის სახელით „ვეფხისტყაოსანი“ მტკვარში მოისროლეს.

სექსი, ბოზობა და პეტტინგი

მორალისა და სექსის უთანასწორო ჭიდილი ადამიანთა მეტყველებაში აჩენს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ზემოთხსენებული „დედაკაცი სიძვისაი“, აგრეთვე - ურთიერთობათა ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა - „საქმე სულისა განმხრწნელი“ - ანუ „ბოზობა“, „სიძვა“, „მრუშობა“... თუმცა, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ეს ყველაფერი ერთი და იგივე სულაც არ არის: „ბოზობა - სიბოზის ქმნა. ბოზობა ორად განიყვების: სიძვად და მრუშებად. სიძვა არს უმეუღლეოს ქმნილი, ხოლო მრუშება - მეუღლიანის მიერ ქმნილი ბოზობა.“
მორალისა და სექსის ჭიდილს ასახავს დავით გურამიშვილის „ქაცვია მწყემსიც“, რომელსაც ლიტერატორები პირველ ქართულ ეროტიკულ ნაწარმოებსაც უწოდებენ. „დავითიანიდან“ ჩანს, რომ ავტორის სიმპათია მორალისკენ იხრება, მაგრამ იგი წმინდა ადამიანური გრძნობებისადმიც შემწყნარებლურია. დღესაც კი ლაღად და სულმოუთქმელად იკითხება თექვსმეტი წლის გოგო-ბიჭის ისტორია, რომელთაც სექსი სწყურიათ, მაგრამ მორალი აბრკოლებთ:

„იყვნენ ქალ-ყრმანი სახით შვენიერ,

მშვიდ, მდაბალ, კეთილ, გულით მეცნიერ,

ერთისა ხნისანი, თექვსმეტის წლისანი, ერთად შეზრდილნი.
რა ბიჭს დაუწყო გულისთქმამ ბრძოლა,

მაიწადინა გოგოსთან წოლა. გოგომ თქვა უარი!..“

„...ჯვარდაუწერლად ეგე საქნელი ნუ გჩანს ადვილად,

ცოდვა არს ძნელი. ღმერთსა ეწყინება...“

„აწ რომ დამიწვე და მუცლად ვიღო, ქვეყნად როგორა ხმა ამოვიღო?

თუმცა ვარ საცოლო, შვილი რომ მაყოლო, მერმე რაღა ვქნა?!

ჩვენ დაგვარქმევენ ბოზთ, მეძავს, მრუშებს და ჩვენს შვილებსა - ნაბიჭვრებს, ბუშებს; სახელი გატყდების, ქვეყანა ასტყდების ჩვენს საძრახავად.

იტყვიან - რისთვის არ იქორწინეს?!..“

ქაცვია მწყემსის ამბავი - ეს პოემა პოემაში - ისეთ ადამიანურ ურთიერთობებზე მოგითხრობთ, დღესაც რომ აქტუალურია. კარგი რეჟისორი კარგ ლირიკულ-ეროტიკულ ფილმსაც გადაიღებდა ამ ონავარ მოზარდებზე.

გული არ გვითმენს, კიდევ რამდენიმე ნაწყვეტი არ მოვიხმოთ:

„ოდეს მირეკეს ცხვარი ჭალაკად, ბიჭმა გახადა გოგო მალაყად,

რა რომ დააღირა და ქნა დააპირა, ჩხიკვმა შეყვირა!“

ეს ჩხიკვი არასასურველი მოწმეა... და კიდევ:

„არ დაიხედა მან ნდომით წინა, საჩქაროდ გოგო წამოაწვინა;

სადაცა ეყარა მრავლადა ეკალა, დასცა მაზედა.

საბრალო გოგომ ტიტველი ნაცი ზედ დანახივა, სად იყო ქაცვი.

რა რომ ის იტკინა, გოგომ იმწვიტინა გამწოებულმან“.

სხვა წყაროებიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, მორალური შეგონებისა თუ შეშინებისა, სექსი საქართველოში არსებობდა. ერთ-ერთმა ჩვენმა წინაპარმა ამაყადაც კი დაიქადნა:

„ბევრ ქალა შავაყინტრავე
თხილობა შვინდობაშია,
ბევრას ვათქმიე ქალასა:
- მაგხმარდას მშვიდობაშია,
ნეტავ კი შაგეხსნებოდეს,
ჩავდებდი კიდობანშია“.

რევოლუციამდელ ქალსაც, როგორც ხედავთ, წმინდა ადამიანური ნატვრა ჰქონია, რადგან არ ჰქონდა... ვიბრატორი... აქ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნიდან „მოუკრეფავნი“ კიდევ ერთი სტროფი უნდა მოვიხმოთ (ვაჟა-ფშაველას მიერ (!) ფშავში ჩაწერილი):

„ქალას შავთხოვე, არ მამცა,
რუსულად მითხრა: ნიატო!
მიწითამც ამოგევსების,
ჩემდ ძვირო, სხვისთვის იაფო!“

ეს „არ მაცემა“ ფშავ-ხევსურეთში მეტად გავრცელებული რამ იყო. ტრადიციების ერთგულ ამ ყველაზე კონსერვატორულ კუთხეებში დღეს უკვე ღიმილით იხსენებენ „სწორფერთა“ და „წაწალთა“ ისტორიებს. სწორფრობ-წაწლობის ინსტიტუტიც დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ჩვენი მამა-პაპანი კი, ეჰ, როგორ იტანჯებოდნენ:

„მოვიდა იგი, ავხორცი და უმანკო. ჩვენი ალერსი წამებად იქცა. „რატომ არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის ის, რაც ხდება ვაჟსა და ქალს შორის?“ ვკითხე მას ჩემს გვერდით გართხმულს. „მე ხომ შენი სწორფერი ვარ და შენ ჩემი!“ მიპასუხა მან. „ეს ხომ წამებაა!“ შევძახე მე. „წამებაა?“ მომიბრუნა სიტყვა: „ტკბილ ხომ არს?!“ ტკბილი იყო „ეს“ უთუოდ, მაგრამ ასე მტანჯავი, რომელმა ვაჟმა შესძლოს ამ ცეცხლის ატანა?“

„ხანდახან ძალა აღარ ჰყოფნით სწორფერთ“ მითხრა მან, „ხოლო ეს სირცხვილი არს, აუგია“. „რომ დაქორწინდნენ?“ „არ იქნების ქორწინებაი, აკრძალულ არს“. „მაშ მე არ შემიძლია შეგირთო?“ „არა!“ „ეს ხომ წამებაა!“ „ტკბილ ხომაა!“

ასე იტანჯება გრიგოლ რობაქიძის პერსონაჟი მის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში „ენგადი“. მისთვის მთის ტრადიციები უცხოა და ვერაფრით ხსნის, რატომ არ შეიძლება „ის“ ქალთან, რომელიც სარეცელზე სხვას ყველაფერს „კადრულობს“:

„ქალი გაიშხვართა ლოგინზე ჩემს გასწვრივ. მე სუნთქვა მელეოდა. ქალი მომეხვია მღვივანი და შუბლი გადამიკოცნა. მოვხვიე ორივე ხელი მის თავს და ჩავეკონე მოწყურებული მის ხალას ტუჩებს. იგი მნებდებოდა. ხოლო როცა ჩემსკენ მოვიზიდე მისი ათქვირებული ტანი, იგი უფრო კუშტად შეირხა კვლავ და მომეგება მკაცრად: „ეგ არ იქნების! ჩვენ ხომ სწორფერნი ვართ!“ გონება დავკარგე. ყველაფერი, მხოლოდ „ის“ არა – როგორ უნდა გამეგო ეს?“

როგორ და, - ჭრელად!..

წაწლობა და სწორფრობა, როგორც ჩანს, წმინდა ქართული, მამა-პაპური პეტტინგი იყო _ წრეგადასული და მადლობა ღმერთს - მივიწყებული. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა კაცსაც და ქალსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში წაწალ-სწორფერი უყვარდა, მაგრამ მათთან ქორწინება ეკრძალებოდათ. ამიტომ, ფაქტობრივად, კანონიერ მეუღლეებთან მრუშობდნენ და კურთხეულ სარეცელს „უგულო სიყვარულს, ხვევნა-კოცნასა და მტლაშა-მტლუშს“ უთმობდნენ - მხოლოდ ცოლ-ქმრული ვალდებულებისათვის.

* * *
კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი, მაგრამ სიტყვაც ძალიან გაგვიგრძელდა. ზოგი რამ თავადვე გაიხსენეთ, ქართველი კლასიკოსებიც გადაიკითხეთ და ქართული, მამა-პაპური სექსის შესახებ თავადვე გვიამბეთ. ჩვენ ჩვენი უკვე გითხარით - სექსი საქართველოში იყო და არც იყო. იყო და არა იყო რა!

ალეკო ცქიტიშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100