უკანონო სახერხები ხუდონჰესის წინააღმდეგ
"სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში 2006-2012 წლები სულ უკანონოდ 237 748 კუბური მეტრი ხე-ტყე მოიჭრა. ექსპერტების გათვლებით კი, წელიწადში უკანონოდ საშუალოდ 1,5 მილიონ კუბური მეტრზე მეტი მერქნული შეშა იჭრება. როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ციფრები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო ჭრა მასიურად მიმდინარეობს და იმაზე საუბარი, თითქოს ჰესების, ამ შემთხვევაში კი ხუდონჰესის მშენებლობით ჰექტრობით ტყე გაიჩეხება და ის ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ცოტა არასერიოზულია." _ აცხადებს ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კანდელაკი.
ექსპერტების განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხუდონჰესის აშენებას აპროტესტებს, სწორედ იმ კერძო მესაკუთრეების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს.
რაც შეეხება ინფორმაციას 2013 წელს გამოვლენილი უკანონო სახერხების შესახებ მესტიის რაიონის სოფ. ხაიშში, უახლესი მონაცემები ასეთია:
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში გამოვლენილია 7 უკანონო, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დაურეგისტრირებელი სახერხი.
სახერხებზე აღმოჩენილია სხვადასხვა ჯიშის 37,0 მ3 უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. გარემოსათვის მიყენებული ზიანის საერთო თანხამ შეადგინა 3 486,70 ლარი."
მარტივი არითმეტიკით, რეგისტრირებულ 15 სახერხს 7 უკანონო სახერხს თუ მივუმატებთ, გამოდის, რომ მარტო ხაიშში 22 სახერხია, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმისას, რომ მათი მეპატრონეების დაინტერესება საკუთარი ბიზნესის განვითარებაა და ინტერესიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
კომენტარი