სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,მასწავლე სიყვარული"

ჩემი პირველი მოთხრობების კრებული „ანგელოზები ავტობუსში“- ამ სიტყვებით დავასრულე. ცოტა მიიწიეთ, მეც დავდგე იმ მთის ქვეშ, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდი- მეთქი. ყოვლისშემძლე ღმერთს უჭირავს ეს მთა სამყაროს თავზე და თუ ებრაელები თორის კანონებს არ დაიცავენ, განადგურებით ემუქრება. თუმცა, არავინ ჩქარობდა იმ მთის ქვეშ ჩემთვის ადგილიდაეთმო. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მე იქ არაფერი მესაქმებოდა, ან იქნებ სხვებს, უკვე მთას, რომ იჭერდნენ, ხელს ვუშლიდი ჩემი დაჟინებით. თურმე, უბრალოდ, ვერ ვხვდებოდი, რომ იმ მთისქვეშ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. მე კი მეგონა, შემეძლო მთის დიდი ნაწილის ჩემი მხრებით შეკავება. ყველას თავისი ადგილი ეპოვნა, მე კიდევ - საშინელი ეჭვი მღრღნიდა: “იქნებ ეს ის მთა არ არის და არც ის ხალხია? იქნებ ყველაფერი ილუზიაა?”

საბედნიეროდ, ერთი ისტორია გამახსენდა მეფე სოლომონ ბრძენის ცხოვრებიდან.

ერთხელ სოლომონ მეფეს ყოვლისშემძლე გამოეცხადა სიზმარში და უთხრა: `რაც გინდა მთხოვე და მოგცემ.~ სოლომონმა უპასუხა: `შენ მეფედ დამსვი, მაგრამ არ გისწავლებია საქმის მართვა.

უბოძე შენს მონა-მორჩილს გული გონიერი, ბრძნულად, რომ განსაჯოს შენი ერი და გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან." მოეწონა გამჩენს სოლომონის სიტყვები. უთხრა: „რადგან არ მთხოვე სიმდიდრე, არც მტრების განადგურება, მოგცემ მე შენ სიბრძნეს, სიმდიდრესა და სახელს."

დავფიქრდი, ჩემთანაც, რომ მოსულიყო ღმერთი და ეკითხა, რას ვისურვებდი, რა უნდა მეთხოვა? მე ხომ მეფე არა ვარ. ცხოვრებაში არ მქონია უფროსობის სურვილი. სიბრძნე, თავად მეფე სოლომონის სიტყვებით, კიდევ უფრო აღრმავებს სევდას. რაც მაქვს, ისიც მყოფნის. სიმდიდრე – არ მინდა და არასოდეს მისურვია. ვნებებიც ასაკთან ერთად ჩაცხრა.

სახელი? ხალხის აზრის მიმართ გულგრილი ვარ, რადგან ჯანმრთელობას ამაზე მეტად არაფერი ვნებს. მხოლოდ ერთს ვთხოვდი ზეციურ მეფეს: `მასწავლე შენი ხალხის სიყვარული." ამაშია მთელი საგანძური, რადგან ნათქვამია, ბრძენს თავისი მოწინააღმდეგეც კი უყვარსო.

ერთხელ მითხრეს: შენ არასოდეს აკრიტიკებ ვინმესო. მე კიდევ ვუპასუხე: ჯერ სიყვარული უნდა ვისწავლო-მეთქი.

უზენაესო, მასწავლე სიყვარული!

P. S. კრიტიკას ბოლო წიგნშიც ვერ ნახავთ (საკუთარ თავს არ ვთვლი). როგორც ჩანს, მისმინა გამჩენმა. ჩემს ერში ცუდს ვერ ვხედავ.

შეიძლება ერთგვარ დალტონიკად ვიქეცი. რაც მთავარია – ადგილი ვიპოვე იმ მთის ქვეშ: ვეძებ მცნებებს, რომლების შესრულებაც ჩემ გარდა არავის უნდა, ან არ შეუძლია. ახლა ჩემი დევიზი ასეთია: მაგრად დადექი! მაგრად!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100