სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოფენა ქუთაისში „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“

თიბისის ორგანიზებით, თბილისის შემდეგ გამოფენას „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ქუთაისი უმასპინძლებს. 16 თებერვლიდან 1 მაისამდე მსურველები გამოფენის დათვალიერებას ქუთაისში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში მდებარე თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალში შეძლებენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს, როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.

ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი მიეკუთვნება ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითაც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.

გამოფენის კურატორები: დიმიტრი ერისთავი, ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით.

პროექტის პარტნიორები: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული კულტურის მხარდაჭერაა. კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ისეთი მასშტაბური გამოფენა როგორიც არის „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და რეგიონში ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, გამოფენა ამჯერად ქუთაისში გადაინაცვლებს, დამთვალიერებლებს ორი თვის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტორის შემოქმედებას გაეცნონ.

თიბისის მიერ ორგანიზებულ კულტურულ პროექტებს მუდმივად თან ახლავს საგანმანათლებლო ნაწილი. ქუთაისშიც ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენის ტურები და საბავშვო მასტერკლასები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100