ერთი ლექსით თქმული სათქმელი: „ქვეყანა ომშია! პეტრუას რო შია?!”
ვის ენატრებოდა შვრია და მუხუდო
საძილე ტომარა ან სანაგვე ყუთი,
ვინც დაყიალობდა უშარვლოდ, უქუდოდ,
იშოვეს ბიჭებმა ოქრო და მაყუთი.
კარგია, ბიჭებო, ოქრო და მაყუთი,
მეც, ალბათ, ვიშოვი – რამეს დავაშავებ,
პოეტსაც ჭირდება ბინა და საშარვლე,
მერე, შეიძლება, ტყვიაც და საკურთხიც.
ქვეყანა ომშია
(,,პეტრუას რო შია?!”)
პეტრეზეც, პავლეზეც, რაებს არ როშავენ
ყველა დედას ბიჭი დღეის გავროშია,
ლაშებს იმშრალებენ სამშობლოს დროშაზე.
მეც ვიყავ ამ ომში,- ამხედეს, დამხედეს,
იკითხეს- რა უნდა,რომ უნდა, ვინ არი?!
იქ თოფიც არ ჰყოფნით, აქ ზალპებს ახეთქებს
ყველა მახინჯი და ნაიმნაირალი.
ჩამსხდარან შავებში დანი და დედანი,
სტირიან ცოლები უქმრობას უშვილოდ,
რამ გააძველბიჭა ამდენი ცვედანი,
ან ამათ, ან იმათ,სანამდე ვუცქირო?!
იქეთ კი ბიჭები, ნამდვილი ბიჭები,
იბრძვიან ნამდვილად,იბრძვიან კაცურად-
რომ არ ჩაეყვინთა ჯერ ქალის მკლავებში,
მკლავი მოიქნია და ლეთა გაცურა.
გაცურა მან ლეთა,
უღირდა მანეთად
სიცოცხლე, მამულს რომ აუწყავს ოქროთი...
ქართველნო, სამშობლოს კუბოსთან მოგროვდით,
სხვა ვერ შეგვარიგებს ცოცხლებს ერთმანეთთან!
ვახტანგ ღლონტი
კომენტარი