სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი 9 აპრილზე: დაშლისკენ არ მომიწოდებია

"არ მომიწოდებია დაშლისკენ. ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, შესულიყვნენ ეკლესიაში", - თქვა ილია მეორემ 9 აპრილის მოვლენებზე საუბრისას.

9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილის 04:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, მშვიდობიანი მიტინგი რუსმა სამხედროებმა სასანგრე ნიჩბების, ხელკეტების და დღემდე დაუდგენელი ქიმიური გაზის გამოყენებით დაარბიეს. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის 16 ქალი. მოიწამლა და დაშავდა ათასობით ადამიანი.

დემონსტრანტების უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა იყო.

აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი მოქალაქე აფხაზი სეპარატისტების დასჯის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შეიკრიბა. ახალგაზრდებმა შიმშილობა დაიწყეს.

აქციას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ.

პატრიარქმა დემონსტრანტები დარბევის შესახებ გააფრთხილა. ისინი არ დაიშალნენ.

ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100