სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯიოევას მომხრეებმა ცხინვალში კარვები გაშალეს

ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერებმა ხუთშაბათს საღამოს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კარავი გაშალეს.

„ჩვენი საპროტესტო აქცია პერმანენტულში გადაიზარდა“, განაცხადა ჯიოევას ერთ–ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, სეპარატისტული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ანატოლი ბარანკევიჩმა.

„ჩვენ ახლა კარვებს ვდგამთ და აქ მანამ დავრჩებით, სანამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას არ მივაღწევთ“, რომლითაც 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილდა, განაცხადა ბარანკევიჩმა.

მთავრობის სახლი კალაშნიკოვის ტიპის იარაღით აღჭურვული სპეცდანიშნულების რაზმებითაა გარშემორტყმული.

ხუთშაბათს ჯიოევამ კრემლის წარმომადგენელთან, სერგეი ვინოკუროვთან განაგრძო მოლაპარაკებები, რომელიც მოსკოვმა ცხინვალში არჩევნების შემდგომი დავის მოსაგვარებლად გაგზავნა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული; მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან ჯიოევამ თავი შეიკავა. ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კრემლის წარმომადგენელი პარასკევს ცხინვალიდან მოსკოვში დაბრუნებას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100