სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეებად არაღიარება შეცდომაა

პოლიტიკოსობის მსურველი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მხარეებად არაღიარება სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა. ივანიშვილმა ამის შესახებ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების „გაუაზრებელმა მოქმედებებმა“ აფხაზებსა და ოსებს, რუსეთის გარდა, უსაფრთხოების სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა.

„ვფიქრობ, სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა ტალიავინის კომისიის დასკვნის იგნორირება, ანუ აფხაზური და ოსური მხარეების კონფლიქტის მხარეებად არაღიარება. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება მათთან მოლაპარაკებას უსაფრთხოების გარანტიებზე არ აპირებს. მხედველობაში მაქვს მოლაპარაკება მხარეებთან და არა - საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან“, - აცხადებს ივანიშვილი

მისი აზრით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარება არ სურს, რადგან აფხაზეთთან და სოხუმთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს, ხოლო რუსეთთან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს.

„ასეთ ვითარებაში ყველაზე მოხერხებულად თავს სწორედ რუსეთი გრძნობს: ერთი მხრივ, საერთოდ არ ელაპარაკება სააკაშვილის ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც საერთაშორისო ზეწოლას გრძნობს - თუ არ ჩავთვლით ცალკეულ, თუმცა საკმაოდ პრინციპულ განცხადებებს. ამასთან, ფაქტია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსთის პრობლემა თავად რუსეთსსაც მძიმე ტვირთად აწევს“, - აღნიშნავს ივანიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთს რეგიონში „სამხედრო ყოფნის გამყარების“ საშუალებას აძლევს.

ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არ აპირებს, „ყოვედღიურად უკიჟინოს“ აშშ-სა და ევროკავშირს, რომ გააძევოს რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან, რადგან მიაჩნია, რომ ამით პრობლემის მოგვარების მხოლოდ ილუზია შეიქმნება.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითა და მხარდაჭერით უნდა შეიქმნას დიალოგის რეჟიმი, როგორც რუსეთთან, ასევე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. ჩვენ მათთან საგნობრივი მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ, როგორც უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებების ურთიერთობათა ხელშეწყობის საკითხებზე, რათა აღვადგინოთ ნდობა“, - ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტური ურთიერთობების მოლაპარაკებების პროცესად ტრანსფორმირება უნდა მოხდეს და „მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ლაპარაკს კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების, რუსეთის სამხედრო ძალის გაყვანისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე“.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ამ პროცესის დაწყებისა და კონფლიქტების მოგვარების „რესურსი“ არ გააჩნია.

tribuna.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100