მსოფლიო მასშტაბით გამასხარავებული პუტინი
2 თებერვალს ჩვენს საიტზე დაიბეჭდა „რუსული პოლიტიკური ანეგდოტები პუტინსა და დუმის წევრებზე“. დღევანდელ საპროტესტო აქციებს ეძღვნება კიდევ ერთი გვერდი პუტინისადმი – ამჯერად, მცირე დაიჯესტი უცხოური პრესის მასალების მიხედვით, მანამდე კი ერთი დეტალი, 4 თებერვალს ჩატარებული მიტინგიდან, რომელიც კარგად ხსნის პუტინისადმი განწყობასა და დამოკიდებულებას:
მომიტინგეებს მოჰქონდათ უზარმაზარი, ბუტაფორიული პრეზერვატივი-პლაკატი (როგორც გახსოვთ, პუტინმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მომიტინგეების თეთრ ლენტებთან დაკავშირებით სწორედ პრეზერვატივზე მიანიშნა), რომელზეც ეწერა: „დავიცვათ თავი... პუტინისგან“...
პუტინმა დაკარგა თავდაჯერებულობის უნარი
ბრიტანული Financial Times–ის ბლოგში გიდეონ რახმანი იტყობინება პუტინის კონფუზის შესახებ:
„2 თებერვალს „რუსეთის ფორუმზე“ მისი გამოჩენა იყო მეტად უცნაური –ხან კუდაბზიკობდა და ხან პირიქით, ვერ გრძნობდა თავს დამაჯერებლად; იბნეოდა თავის შენიშვნებში...უცხოელი სტუმრების წინ დიდად მოჰქონდა თავი განათლებით. უხსნიდა მათ, რომ მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები დაკავშირებულია ჭარბწარმოების კრიზისთან – ეს იყო გაცოცხლებული ლენინიზმი!“
პუტინი – ირონიის ობიექტი
შვეიცარიის გაზეთი Le Temps წერს, რომ დეკემბერში პუტინს აეხადა მის გარშემო არსებული დიდების შარავანდედი და ის გადაიქცა სატირის ობიექტად. ამ გაზეთის მიმომხილველის, ოლსონის აზრით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ეს შეუძლებელი იყო.
პუტინის სატირულად გამოსახვა წარმოადგენს რუსი ხალხის კოლექტიური შვების გამოვლინებას. მისი მესამედ გაპრეზიდენტების კვირაძალზე ავტორი იხსენებს ქარაგმულ პლაკატს ახალგაზრდა ქალიშვილის ხელში: „ვოვა, ვიცით, რომ მესამეჯერაც გინდა, მაგრამ აღარ შეგვიძლია, თავი გვტკივა!“
პუტინი – სატელევიზიო „მოამბის“ ანტიგმირი
გერმანულმა სატელევიზიო არხმა „2DF“–მა ეთერში გაუშვა ფსევდო „ახალი ამბების“ გამოშვება, სადაც მსახიობები – სატელევიზიო დიქტორისა და კორესპონდენტის რანგში –სარკასტულად დასცინოდნენ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს.
„კორესპონდენტი“ ვითომც მოსკოვიდან იტყობინებოდა, რომ მიღწეული 49 პროცენტით პუტინი ძალიან დარცხვენილია – „მთელი სული და გული ჩააქსოვო ფალსიფიცირებაში და რაღაც 49%–ის გულისთვის?“
აჩვენებდნენ ერთ–ერთ საარჩევნო უბანს და ტიტრები ამცნობდნენ მაყურებელს: „ამ უბანზე ბიულეტენები „ედინაია როსიასათვის“ საარჩევნო ურნაში აღმოჩნდა ხმის მიცემის დაწყებამდე“.
„კორესპონდენტი“ ანამუსებდა „დიქტორს“ – „ეს თქვენ, ზარმაცები ავსებთ თითო–თითოდ ბიულეტენებს, თორემ პუტინის ხალხი მათ ერთად ათასობისთ ყრიანო! თუ არჩევნების დაწყებამდე იცი, რამდენი ბიულეტენი დევს ურნაში, მათი დამთავრების შემდეგ ხომ დათვლაც არ დაგჭირდება! არყით გაპიპინებულ სუფრაზეც არ დაგაგვიანდება. და ნაწყენიც არავინ დარჩება!“
მერე „დიქტორი“ ეკითხება: „მართალია, რომ №3 ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ 93% მისცა პუტინის პარტიას?“
„ეგ რა არისო, – პასუხობს „კორესპონდენტი“ – მე მოსკოვის სასაფლაოები ვიცი, სადაც გვამების 100%–მა მისცაო ხმა!“
პუტინს ეშინია დაცინვის
ამერიკული გამოცემა Eurasia Review აქვეყნებს ინტერვიუს გერმანელ ბიზნესმენ ფრანც ზედელმაიერთან. „რუსეთმა დაკარგა სტაბილურობა და გადააყენებენ პუტინს თუ არა, ეს ქვეყნის მდგომარეობაში არაფერს შეცვლის. ზედელმაიერი იძლევა რჩევებს, როგორ უნდა მოახდინონ პუტინის დესტაბილიზაცია:
„მე ვმუშაობდი პუტინთან, როდესაც ის იყო სობჩაკის თანაშემწე. ძალზე არაგონივრული იქნება მისი გაპრეზიდენტება –რუსეთისათვის მომაკვდინებელი. თუ ის დაბრუნდა – ბევრი რუსი გაიქცევა რუსეთიდან, მათ შორის მრავალი – უკან დაუბრუნებლად. თუ მას 2012 წელს აირჩევენ პრეზიდენტად, ის რუსი ხალხის თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს.
ის, რომ პუტინის რუსეთი სტაბილურია – გახლავთ მითი. ჩემი, როგორც პუტინის ყოფილი თანამშრომლის, რჩევაა დემონსტრანტების მიმართ – მისი ყველაზე სუსტი ადგილია დაცინვა – ის ვერ იტანს სატირას საკუთარი მისამართით.
თუ ვინმეს სურს პუტინზე აქტიური ზემოქმედება – უნდა მოიმარჯვოს სატირის მახვილი. პუტინმა შეიძლება აიტანოს შეურაცხყოფა, შეიძლება აიტანოს ზეწოლა, მაგრამ იგი ვერ იტანს დაცინვას. პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა პრემიერ–მინისტრობისას, იყო პოლიტიკური სატირის ყველაზე პოპულარული შოუს დახურვა. ის ვერ ჰგუობს, როდესაც მას სერიოზულად არ აღიქვამენ. პუტინს ეს აცოფებს – მე ამას პუტინის აქილევსის ქუსლს დავარქმევდი.
ვინ არ დასცინის პუტინს?
სანდრო კავსაძესთან ერთად პუტინს კიდევ არ დასცინიან ერევანში –„ახლო საზღვარგარეთიდან“, განსხვავებით შორეული საზღვარგარეთისაგან, მოდის ძმური მხარდაჭერა – სომხეთში შეიქმნა კლუბი „პუტინი“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დსთ–ის ახალგაზრდული კავშირის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ანდრანიკ ნიკოგოსიანი.
მისი განმარტებით: „კლუბი კი არა, კლუბები გვექნება – ეს არის საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური ცენტრი. საზოგადოებრივ–კულტურული ცენტრი – „პუტინი“ შეიქმნა სომხეთის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდათა წინადადებით. მრავალდღიანი განსჯის შემდეგ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ კლუბები არა მარტო სომხეთში – იგივე წინადადებით მიმართეს მათ დსთ–ის სხვა ქვეყნებსაც. ამ კლუბების მიზანი იქნება: რუს და სომეხ ახალგაზრდებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბება, აზროვნების ახალი სტილის დამკვიდრება, ახალი იდეების გენერირება, ურთიერთდაახლოებისა და თბილი მეგობრული ატმოსფეროს შექმნა.“
კომენტარი