რეალურია თუ არა ამერიკის მიზნები ჩინეთთან დაკავშირებით?!
მომზადებულია „Christian Science Monitor“-ის მიხედვით.
ვლადივასტოკში ჩასვლამდე, ჰილარი კლინტონმა აზია-წყნარი ოკეანის მასშტაბით წარმოებული 11 დღიანი ტურის ფარგლებში ექვსი ქვეყნის მონახულებას შეძლებს. თუმცა, ამ ტურის მიზანი ჩინეთი და ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გეგმები გახლავთ.
გუშინ და დღეს კლინტონი შეხვდა და შეხვდება ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ ჰუ ცზინტაოსაც. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად გამართავს. ეს ყოველივე შეეხება როგორც ირანსა და სირიას, ასევე ჩრდილოეთ კორეასაც.
მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაციის მიზანი, რომელსაც კლინტონმა უნდა შეასხას ფრთები, შემდეგი გახლავთ: აიძულოს ჩინეთი გახდეს უსაფრთხო და პასუხისმგებლობით აღსავსე ქვეყანა, რომელიც საკუთარ ძალებს საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გამოიყენებს და არავითარ შემთხვევაში არ გახდება სხვადასხვა კონფლიქტის წარმომქმნელი მიზეზი.
პრობლემა რომლის წინაშეც ჰილარი კლინტონი და უფრო ფართო გაგებით, ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა, ის არის, რომ ვაშინგტონის ინტერესები არ ემთხვევა პეკინის მიზნებს.
„ობამას ადმინისტრაციის აღნიშნული მცდელობების მიზანი ის გახლავთ, რომ გამოიცნონ თუ რა გეგმები აქვს ჩინეთს. შემდეგ კი ხანგრძლივად იფიქრონ იმ თემაზე, თუ როგორ გადმოიბირონ პეკინი.“, - აღნიშნავს დინ ჩენი, ექსპერტი აზიის სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში.
„ამ ყოელივეს კი ის ფაქტი ართულებს, რომ ჩინელებმა კარგად იციან თუ რა სურთ მათ და ისინი არ ცდილობენ გაითვალისწინონ აშშ-ს შეხედულებები“, - დასძინა ჩენმა.
კლინტონი ჩინეთში ინდონეზიიდან ჩავიდა. ამ ქვეყანაში კი მან კიდევ ერთხელ მკვეთრად გაუსვა ხაზი აშშ-ს ინტერესებს. კლინტონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ამ შემთხვევაში არავითარი პრეტენზიები არ აქვს ტერიტორიებთან დაკავშირებით, მას სურს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უდიდესი რეგიონი სტაბილურობითა და მშვიდობიანობით გამოირჩეოდეს. ეს რეგიონი ღია უნდა იყოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
მსგავსმა პოზიციამ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოიწვია პეკინში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰონგ ლიმ აღნიშნა: „აშშ-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არცერთ მხარეს არ ემხრობა. იმედი მაქვს, ისინი საკუთარ დაპირებებს შეასრულებენ და დახმარებისთვის უფრო მეტს გააკეთებენ. აუცილებელია, რომ აშშ კონფლიქტის გამძლავრების მიზეზი არ გახდეს. ჩინეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ვალდებულია დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა“.
ჩინეთი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით გიგანტი ქვეყანაა, მსგავსი პრობლემების მოგვარებას ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე ანიჭებს უპირატესობას.
პეკინმა საკუთარი შეხედულებები მულტინაციონალური ქცევის კოდექსზე საზოგადო განხილვის საგნად აქცია. ეს კოდექსი სამხედრო აგრესიას გამორიცხავს. ივლისში, როცა ჩინეთმა ერთ-ერთ კუნძულზე სამხედრო ქალაქის შენებასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმცია, ისიც დასძინა, რომ ეს კუნძული ჩინეთის სამხრეთ სანაპიროდან 220 მილით არის დაშორებული.
კუნძული მდიდარია ბუნებრივი აირითა და ნავთობით. ამ კუნძულზე პრეტენზიას ფილიპინები და ვიეტნამიც გამოთქვამენ.
ჩენმა აღნიშნა, რომ „ქცევის კოდექსის“ შექმნასთან დაკავშირებული იდეა დიდი ხანია რაც არსებობს, მაგრამ სამხრეთ აზიის შედარებით სუსტ ქვეყნებს შორის კონფლიქტის გაღვივება ჩინეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
შედარებვით ფართომასშტაბურ, საერთაშორისო არენაზე ჩინეთმა უფრო მძლავრად შეძლო აშშ-ს აფორიაქება, მას შემდეგ რაც სირიასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებს მიემხრო.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჩინეთის მიზანი, რომელიც ასადის დაცვას საერთაშორისო ზეწოლისგან გულისხმობს, გაუგებარი და ბუნდოვანია.
ამ ყოველივეზე კი ექსპერტები მსგავს დასკვნას აკეთებენ: „მიმდინარე წელი ჩინეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ახლა ხელისუფლების ცვლა მიმიდნარეობს და კომუნისტურ პარტიას ყველაზე ნაკლებად სჭირდება აშშ-ს პოზიციების გათვალისწინება და ვაშინგტონის მითითებებით მოქმედება“.
კომენტარი