სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდსა და ფოთში მოხდარ ინციდენტებზე ასეთი განმარტება გააკეთა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდსა და ფოთში მოხდარ ინციდენტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ისინი ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებულ პროვოკაციად შეაფასა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც ძალადობდნენ მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე, დღეს აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ფილმის ჩვენებას „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერი რამდენიმე ბავშვი დაესწრო.

„მინდა, განმარტება გავაკეთო ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს თემა განხილვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ იქ განვითარებულ მოვლენებს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. მათ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს და მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა ფილმის ჩვენებაზე. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ჩვენებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ და არა იმაზე, რომ ეს საშინელი ძალადობა მათი ხელისუფლების მიერ არის ჩადენილი. ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ როგორ გაბედეს და ბავშვებს აჩვენეს ფილმი, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ეს ძალადობა მათ მიერ იყო განხორციელებული. მთავარი აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იქ რამდენიმე ბავშვი შეაპარეს „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები და არ საუბრობენ იმაზე, თუ თავად ბავშვებს როგორ ექცეოდნენ ციხეებში, სცემდნენ, ტანჯავდნენ, აუპატიურებდნენ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტების გამოყენებაში დადანაშაულა.

„იქ იყო სამშვიდობო, საპროტესტო აქცია ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციის ოფისის წინ. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება, ხელკეტები დაუშინეს და ქვები ესროლეს აივნებიდან. ამის შემდეგ მომიტინგეების რეაქცია იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება. საზოგადოება 9 წელი ითმენდა ძალადობას მათგან. რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, რომ ეს მოქალაქეები სამეგრელოში კიდევ აქტიურობენ. ჩაიყვანეს იქ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით კრიმინალები, რომელთა წარსული ყველამ იცის და მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც არ სჭრიდება დრამატიზება. რა თქმა უნდა, მომხდარი უნდა გამოძიოს შსს-მ და კარგად გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია – ხელკეტები დაუშინეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს", - განმარტა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100