სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება - დემორკატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.


როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა, რაც მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანი იყო.


„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს განსაკუთრებული აქტიურობისთვის. ქვეყნის მასშტაბით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და მინდა ავღნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტური მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, საკრებულოებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.


ირაკლი კობახიძე გამარჯვებას განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ულოცავს.


„ის ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო, რომელმაც თბილისის მერის პოსტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ კახა კალაძეს ამ დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განახლდება, რადგანაც როგორც მერის პოსტზე, ასევე, საკრებულოს წევრად ბევრი ახალი კანდიდატი იყო წარდგენილი.


„მინდა წარმატება ვუსურვო ხალხის მიერ არჩეულ მერებსა და საკრებულოს წევრებს თავიანთ საქმიანობაში. როგორც საარჩევნო შტაბის წევრი, მინდა მადლობა გადავუხდი შტაბის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს მათი წვლილისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100