სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაცვლილი შვილი აიყვანა, გულში იხუტებდა და თავზე ეფერებოდა – „დედა კარგად იქნები, აუცილებლად მოგხედავო”

8 ოქტომბერი, დღის 2 საათი, მედია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს: მცირეწლოვანი ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. დედა კი შვილის გადმოვარდნიდან 30 წუთის შემდეგ გადმოხტა… ორივე ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია საკმაოდ მშრალია, თუმცა რეალობა, რომელიც ფაქტების უკან იმალება, ერთი ოჯახის დიდ ტრაგედიას აღწერს.

გლდანის მე-2 მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მეცხრე სართულზე კოპალიანების ოჯახი ცხოვრობს. 8 ოქტომბრამდე ერთ ჭერქვეშ 6 სული სუნთქავდა: ბებია, ბაბუა, დიდი ბებია, დედა, მამა და შვილი… დღეს კი ამ სახლში 4 ადამიანი ებრძვის სიცოცხლეს. 8 ოქტომბერს კოპალიანების ოჯახი ორი წევრის, პატარა ნიასა და ნინოს გარეშე დარჩა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეზობლებმა დავარდნის ხმა გაიგონეს. სიტყვები, რომელმაც დედის ყურამდე მიაღწია, იყო: „ბავშვი გადმოვარდა, ვისია ეს ბავშვი?“… მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი 1 წლისა და 6 თვის ნია კოპალიანი იყო, დედა კი, რომელმაც პირველი სართულის აივანზე პატარა შვილი მე-9 სართულიდან დაინახა, 27 წლის ნინო ბოკუჩავა.
მეზობლების თქმით, ოჯახში ამ დროს პატარა ნია კოპალიანის ბებია, ბაბუა და დიდი ბებია იმყოფებოდნენ. გარდაცვლილების მეუღლე და მამა, ბექა კოპალიანი კი, მეზობლების თქმით, სახლში არ იმყოფებოდა.

მეზობლები ტრაგედიაზე საუბრის დროს რამდენიმე ვერსიას ასახლებენ, დეტალებზე საუბარს ერიდებიან, თუმცა თანხმდებიან, რომ ყველაფერი შემთხვევითობა იყო.

თვითმხილველების ერთი ნაწილის თქმით, პატარა ნია აივნიდან გადმოვარდა, მეორე ნაწილის მტკიცებით კი ფანჯრიდან. მათი თქმით ბავშვს, სავარაუდოდ, სათამაშო გადმოუვარდა და მას გადმოჰყვა. ამის დასტურად კი ბავშვის გვერდით დაგდებული სათამაშო მოჰყავთ.

იზა შელია, თვითმხილველი:

„ეზოში ვიყავი, როცა „რაღაცის“ ჩამოვარდნის ხმა გავიგე. საიდანაც ხმა მომესმა, იქით გავიქეცი. მეზობლებმა იყვირეს „ბავშვი, ბავშვი გადმოვარდა, ვისიაო“. მე რატომღაც აღვიქვი, რომ ბავშვში თოჯინა იგულისხმებოდა. ვინმეს გადმოუვარდა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მივედი და პატარა ნიაკო დავინახე. ალბათ, თქვენც წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაში იყო. ამის აღწერაც კი მიჭირს. როცა ყვირილი ავტეხეთ, დავინახეთ, რომ მე-9 სართულიდან დედამ გადმოიხედა, სანამ რამის თქმას მოვასწრებდით ის უკვე ქვემოთ იყო. სახე გაფითრებოდა და უკვე ეტყობოდა, რომ შოკისგან ვეღარ აზროვნებდა. უკვე გარდაცვლილი შვილი აიყვანა, გულში იხუტებდა და თავზე ეფერებოდა. ეუბნებოდა: „დედა კარგად იქნები, აუცილებლად მოგხედავო“. ამბობდა, ექიმი მოიყვანეთ, ჩემი შვილი უნდა გადავარჩინოო. ამ დროს ქვემოთ ბავშვის ბაბუა ჩამოვიდა: დახმარებას ითხოვდა. მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ბავშვი ზემოთ აიყვანეს. დედას ჰყავდა გულში ჩაკრული. ზემოთ ასვლა და დედის მე-9 სართულიდან გადმოხტომა ერთი იყო. ამბობენ, რომ გარდაცვლილი ბავშვი მამამთილს მიაწოდა, ფანჯარაზე დადგა და პირდაპირ გადმოხტა.

ჩვენ დავინახეთ და ქვემოდან ვეძახდით, ეს არ გაეკეთებინა. ვერაფერი მოვასწარით. ბავშვის მამა მოგვიანებით მოვიდა, განადგურებული… ტირიან: „რა აზრი აქვს ჩვენს სიცოცხლეს, რისთვის უნდა ვიარსებოთო“. საშინელება მოხდა, მთელი სამეზობლო შოკში ვართ. ასეთი ტრაგედია არ გვახსოვს, ოჯახი და ჩვენც განადგურებულები ვართ. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ნინო დიდებული დედა და ადამიანი იყო. ის საკუთარ თავს ვერ აპატიებდა.

41-ე კორპუსის მაცხოვრებლები ნინო ბოკუჩავას გმირს უწოდებენ და მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებენ. მათი ნაწილის თქმით, ბავშვი აივნიდან კი არა ფანჯრიდან გადმოვარდა.

„ფანჯარა იყო გაღებული. დედა იატაკს წმენდდა. ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა. ეს იყო შემთხვევითობა. რატომ გადმოვარდა ბავშვი ფანჯრიდან, ღმერთმა იცის. ვინც აქ ვიდეგით ყველა დამნაშავე ვართ. ჩვენ დედის შენარჩუნება ვერ შევძელით, დედა ვერ გადავარჩინეთ. ამ ტრაგედიას რომ ნახავდა, აბა რას იზამდა. ჩიტს ბარტყს რომ წაართმევ, ის არ გაპატიებს და ახალგაზრდა გოგო რას იზამდა? გმირი დედა იყო “.
„დედა გავიდა ბავშვის საჭმელზე, ფანჯარა დარჩა ღია, ბავშვი ლოგინზე იყო, საწოლი იდგა ოთახის ფანჯარასთან ახლოს. ავიდა წლინახევრის ბავშვი და გადავარდა. ნახა გარდაცვლილი ბავშვი, ვერ მოასწრეს რომ დაეკავებინათ და თვითონაც გადმოხტა“.

ტრაგედია, რა დროსაც გლდანში პატარა ნია და მისი დედა, ნინო დაიღუპა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრ-მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის ოჯახში დატრიალდა. მეზობლების თქმით, ჯემალ კოპალიანის ოჯახში ყველა იურისტი იყო, მისი შვილი ბექა კოლაპიანი და გარდაცვლილი ნინო კოპალიანიც იურისტები იყვნენ და სასამართლოში მუშაობდნენ.

ნინო და ბექაც ერთმანეთს სწორედ იურისპრუდენციამ დააკავშირა.

პირველად ნინო ბოკუჩავა ბექა კოპალიანს 2010 წელს საქალაქო სასამართლოში შეხვდა და მათი სიყვარულის ისტორიაც აქედან დაიწყო. სწორედ 2010 წელს დაამთავრა ნინო კოპალიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 2 წელიწადში მაგისტრიც გახდა. შეყვარებულობის პერიოდიც ორი წელი გაგრძელდა და 2012 წლის 10 ნოემბერს ნიშნობით დაგვირგვინდა. რამდენიმე დღეში ქორწილიც დაინიშნა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. 1 წლის და 6 თვის ნია წყვილის პირველი შვილი იყო. პატარა გოგონა ერთი წლის მარტში გახდა. მეზობლები ყვებიან, რომ წყვილს განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობა ჰქონდა.

„დიდებული ოჯახი იყო. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ, ბავშვზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ნინო ძალიან ხალისიანი და პოზიტიური გოგონა იყო. დიდებულ ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, არ ვიცით როგორ გადაიტანენ“, – ამბობენ მეზობლები და ნინო ბოკუჩავას გმირს უწოდებენ.

„სწორად მოიქცა, ის გმირი დედა იყო. ამას ყველა ვერ გააკეთებდა“.

რამდენიმე დღეა მოსამართლე კოპალიანის ოჯახში ხალხის ნაკადი არ წყდება. მოდიან, უსამძიმრებენ, ვერაფერს ამბობენ და მიდიან. ეს არის ტრაგედია, რომლის ფონზეც არჩევნებში გამარჯვების ზეიმმა ტრაგიკომედიის სახე მიიღო. ეს არის ტრაგედია, რომელიც თბილისს დიდი ხანი ემახსოვრება. ეს არის ტრაგედია, რომელმაც ერთი დიდი ოჯახი მომავლის გარეშე დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100