დაჩი ცაგურიას განცხადება
დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებულიირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას
საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ცაგურიამ აღნიშნა, ადამიანების გარკვეული ჯგუფი წლებია ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.
"ადამიანების ჯგუფი წლებია, მას შემდეგ რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები, ხოლო მის დროს სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასოდეს გახსენებია მშრომელთა უფლებები. დღეს ასეთი გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული, ისინი რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ყოველთვიურად ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით, ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება", - განაცხადა ცაგურიამ.
მისივე თქმით, რკინიგზელები, რომლებიც აქციას მართავენ, შეცდომაში არიან შეყვანილები, შეუძლიათ სამსახურში გამოცხადდნენ და გააგრძელონ მუშაობა.
"ეს ადამიანები იგივე ხელფასით არიან გადაყვანილები ახალ სამუშაო ადგილზე. განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებს საცხოვრებლითა და ტრანსპორტით არ უზრუნველვყოფდით, ეს არის სიცრუე. მივმართავ თხოვნით, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადნენ, ვინაიდან საკმაოდ საპასუხიმგებლო საქმე აკისრიათ. მათ უნდა შეასრულონ ლიანდაგის შემოწმება, რადგან იქ ტვირთთან ერთად სამგზავრო მატარებელი დადის. ვთხოვ, რომ კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან ჩვენ უკვე იძულებული ვიქნებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან პეტრიაშვილის პროვოკაციებს, რადგან პეტრიაშვილი თავის გრანტებს და რკინიგზელების ფულს ისევ წაიღებს და იმ თავის სქელ ქონს კიდევ უფრო მეტად გაისქელებს", - განაცხადა ცაგურიამ.
კომენტარი