სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბიოლოგიურ მამაკაცად დავიბადე..." - რატომ მეზიზღება ჩემი სქესი

meinher.wordpress.com-ის საინტერესო ბლოგ-პოსტი:

ბიოლოგიურ მამაკაცად დავიბადე…
(
შეიძლება ფსიქოლოგიურ მამაკაცადაც).

ჩემი ბიოლოგიური სქესი ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა დედაჩემის საშოში შეღწეულმა, მამაჩემის სპერმაში არსებულმა, Y ქრომოსომამ დაასწრო X_ს და გაანაყოფიარე კვერცხუჯრედი.

X_ებისა და Y_ების შესახებ მოგვიანებით გავიგე. მთელი ბავშვობა კი_ კაბაში გამოწყობილი ვეთამაშებოდი ჩემს მეგობარ გოგონას, რომელსაც ძალიან ახალისებდა ჩემი მორთვა-მოკაზმვა. სქესის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი და, ალბათ, არც მაინტერესებდა. მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟების სახელებს სიტუაციის შესაბამისად ვირქმევდი. ტუჩის საცხსა და ჩანთის ფერსაც ჩემი მეგობარი მირჩევდა…
პრინცესასავით გამოწყობილს ყოველთვის ვერ მიხილავდით, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვირგებდი სასურველ როლს და ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ბედნიერი. დედ-მამა არ მსაყვედურობდა მანამ, სანამ ერთმა ნათესავმა არ მიახალა, უი, რა ლამაზი გოგონა გყოლიათო. მაშინ ჩემთვის გაურკვევლი იყო, რატომ ამიკრძალეს ასე სასწრაფოდ ჩემს მეგობართან თამაში, კაბების ჩაცმა და ლაქი ფრჩხილებზე. დედამ მითხრა, უნდა გადაეჩვიო ამ ,,მავნე ჩვევებსო’’. მერე გავაცნობიერე, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთა იყო, რომელიც მშობლებს უნდა შეესრულებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში მიღებული ნორმიდან გადაცდომად ჩამთვლიდნენ. (შეილახებოდა ოჯახის სახელი! )
აკრძალვა ერთია, მაგრამ, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ, რაც აკრძალულია, გაცილებით უფრო ტკიბილია. შესაბამისად, მაინც ვიცვამდი კაბებს, მაინც ვიდღაბნიდი სახეს მაკიაჟით და ისევ ვბედნიერდებოდი. რა თქმა უნდა, ისე, რომ არავის დაენახა…

ცხოვრებაში არსებობს 2 ჭეშმარიტება : ერთი ის, რომ გადის დრო. და მეორე_ იცვლებიან ადამიანები…
ნელ-ნელა „მავნე ჩვევები“ საბოლოოდ მოვიშალე. დავიწყე სკოლაში სიარული, ეზოში თამაში, ადამიანებთან ურთიერთობა. გოგონებთან უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, თუმცა სახლში ეს ფაქტი ოჯახის წევრებს აღიზიანებდათ და მეც, ჩემი სურვილების საწინააღმდეგოდ, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვიდექი ბიჭებთან ერთად ,,ბირჟაზე’’. ფეხებსა თუ ხელებზე კანგადატყაული და მტირალი სახლში რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ ,რა მოხდა, ბიჭი ხარ, ხან ხელს იტკენ, ხანაც ფეხს, ტირილი გოგონების საქმეა, არ შეგეფერებაო. სკოლიდან მობრუნებულს, არავინ მეკითხებოდა, რომელი ბიჭი მოგეწონაო. ყველას ის აინტერესებდა, რომელი გოგო მიყვარდა. მეც ვამბობდი, რომ ვიღაც მიყვარდა. რეალურად კი ჩემი სიყვარულის ობიექტი ჩემივე ეზოს მეგობარი ბიჭი გახლდათ, რომელთან ერთადაც „ოჯახში მამაკაცურ სპორტად შერაცხულ“_ ფეხბურთს ვთამაშობდი. ამ პერიოდში პირველად ვიგრძენი ზიზღი ჩემი სქესის მიმართ.

მერე ეზოში ჩასვლა შევწყვიტე. შევწყვიტე იმიტომ, რომ ჩემი ფემინურობა, რომელმაც საბოლოოდ დაასვა დაღი ჩემს ცხოვრებას, ბევრ პრობლემას მიქმნიდა. დაცინვის ობიექტიც ხშირად ვიყავი და მუქარისაც. გაქცევის ტაქტიკა ვამჯობინე და „ქუჩის საზოგადოებას“ ჩამოვშორდი.

გაექცევი ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავს_ვერა ! მიუხედავად იმისა, რომ ამის სერიოზული მცდელობები მქონდა, მაინც ვუბრუნდებოდი იმ საწყისს, რომელიც ჩემს პიროვნებაში არსებობდა.

გარდატეხის ასაკთან ერთად ზიზღი ჩემი სქესისადმი გაძლიერდა.
მეზიზღებოდა თმა, რომელიც ახლადამოსულიყო ჩემს სხეულზე. მეზიზღებოდა „ადამის ვაშლი’’, რომელმაც ჩემს ყელს ფორმა დააკარგვინა.
თავად ადამიც მეზიზღებოდა.
მეზიზღებოდა წვერი. ვიწრო მენჯები, მოკლე თმა.
ლამაზი, ნაზი სახის ნაკვთები გამიქრა,მის ნაცვლად კი, ანდროგენმა მკაცრი და უხეში მაჩუქა. ყბები გამომეკვეთა, შუბლი გამეზარდა. პოტენციურ მელოტ მამაკაცად ვიქეცი, რომელიც საზოგადოებაში აღიარებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

შემდეგ მქონდა რთული გარდამავალი პერიოდი. ჩემს ირგვლივ არავინ იყო ჩემნაირი. მარტოობისგან გაგიჟებულს სუიციდური აზრების გარდა, თავში არაფერი მიტრიალებდა. ხანგრძლივი სტრესი მანგრევდა, თუმცა მალე გავიცანი ადამიანები, რომლებთან ერთადაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ღიად ვსაუბრობდი ჩემს პრობლემებზე და ვიღებდი რჩევებს. კაბებისა და მაკიაჟის ტარების აკრძალვის შემდეგ, პირველად განვიცადე ბედნიერება. და, რამდენად მხატვრულადაც არ უნდა ჟღერდეს, მხოლოდ ამ ადამიანების გაცნობის შემდეგ გამიხარდა მზის სხივი…

…მაგრამ მე მამაკაცად დავიბადე… ფეხებს შორის რამდენიმე სანტიმეტრიანი ჩაღრმავების ნაცვლად, რამდენიმე სანტიმეტრიანი გამონაზარდი მაქვს…
ჩემი დამოკიდებულება ჩემი სქესის მიმართ არ შეცვლილა.

…სახლსა თუ ქუჩებში, ფილმებსა თუ რეალობაში, ვხედავდი იმ უსამართლობას, რომელსაც მამაკაცები ჩადიოდნენ ქალების მიმართ. უფრო და უფრო მეტად მზიზღდებოდა არა მარტო ჩემი სქესი, არამედ მისი „ოფიციალური წარმომადგენლებიც“…
პატრიარქალური საზოგადოების მამაკაცების შემხედვარეს, გული მერეოდა რომ მეც მამაკაცი მერქვა. მეშინოდა, ჩემი მომავალი ქცევა მათ ქცევას არ დამსგავსებოდა.

დღეს, როდესაც ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა, გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერად გავურბივარ მამაკაცებთან ურთერთობას. ის ფაქტორი, რომ რომელიმე კონკრეტული პიროვნება მამაკაცია, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მისი ყოველი, თუნდაც დადებითი ქმედება, ნეგატიურად შევრაცხო.

დღეს, როდესაც ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა:
მეზიზღება ის ანდროგენი, რომელიც ჩემს სხეულში დანავარდობს. მეზიზღება ის ტესტოსტერონი, რომელსაც ამოჰყავს თმები ჩემს სხეულზე. ყველა ის მამაკაცის ჰორმონი მეზიზღება, რომელიც საბოლოოდ მაყალიბებს იმ არსებად, რომლის საზოგადოებრივ სტანდარეტბს არასდროს დავაკმაყოფილებ. არა იმიტომ, რომ არ შემიძლია, არამედ იმიტომ, რომ შინაგან ანტაგონიზმს განვიცდი იმ ყველაფერთან მიმართებაში, რასაც მრავალი საუკუნის მანძილზე ამ ჰორმონების მატარებელი, ბოროტი, ბანჯგვლიანი, ოფლიანი და „გაბატონებული“ „ძლიერი სქესი“ ჩადიოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100