ოკუპირებული აფხაზეთიდან ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე დაკავებული პირი თაგილონის მკვიდრი როლანდ ხურცილავაა
ოკუპირებული აფხაზეთიდან ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე დაკავებული პიროვნება გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი როლანდ ხურცილავაა. როგორც "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ხურცილავამ ე.წ. საზღვარი დღეს დილით მეუღლესთან ერთად გადმოკვეთა.
მისივე თქმით, ქალბატონი, რომელიც ხურცილავასთან ერთად დააკავეს, გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, აღნიშნული პიროვნება დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და წარსულში რუსეთში არაერთგზის არის ნასამართლევი.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გამნაღმველებმა თვითნაკეთი ბომბი დღეს ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან გააუვნებელყვეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, თუმცა დაკავებულის ვინაობას ამ დრომდე არ ახმაურებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს", - ნათქვამია შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
კომენტარი