ძალადობა მოხუცზე - ადგილობრივები სოფლიდან ბრალდებულების ოჯახების გასახლებას ითხოვენ
სოფელი კირბალი დაპირისპირების ზღვარზეა - ადგილობრივები სოფლიდან 68 წლის მოხუცის წამებაში ბრალდებულების ოჯახების გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შურისძიებას და ანგარიშწორებას აანონსებენ.
არასწორი საქციელია. მე არ ვიცი, ფული წაართვეს, არ წაართვეს მაგრამ, ეგეთი ხალხი მოსახლეობაში არ უნდა გავაჩეროთ. მოსახლეობამ თქვა, რომ აქედან გადავასახლოთო“.- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თანასოფლელების თქმით, მსგავს შემზარავ ფაქტს სოფელში დიდი ხანია, ადგილი არ ჰქონია.
სოფელმა როგორც კი გაიგო ამ ფაქტის შესახებ, ერთი უკვე დაკავებული იყო, სახლიდან გამოიყვანეს ერთ-ერთი, წაიყვანეს აქედან და სცემეს. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. კარგა ხანია, ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა. ყველა გაოგნებულები ვართ“. - ამბობს სოფელ კირბალის მკვიდრი.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების ოჯახის წევრებმა უკვე დატოვეს სოფელი.
კადრების გავრცელების შემდეგ სოფლის მკვიდრებმა არასრულწლოვანზე შური იძიეს. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.
რაც შეეხება ნაცემ მამაკაცს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას უჭირს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.
შემზარავი დანაშუალი კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით მოხდა. 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი ბრალდბულებმა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს!
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი