სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის სტანდარტებით ხორციელდება

მსოფლიო მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაახლოებით 50-წლიანი გამოცდილება; პროექტები, რომელთა ღირებულება 1,5 მილიარდ აშშ დოლარსაც აჭარბებს; ინდოეთში აშენებული 1500 მეგავატი სიმძლავრის ნატპა ჯაჰრის, ჩამერას, მანერი ბჰალის და სხვა ჰიდროელექტროსადგურები, - ეს არასრული ინფორმაციაა იმ ინვესტორი კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხუდონჰესის მშენებლობას გეგმავენ.
სვანეთში 702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროპროექტის მშენებლობას „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ აპირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ტრანსელექტრიკა ლიმიტედია“, „ტრანსელექტრიკას“ პარტნიორი ორგანიზაცია კი „კონტინეტალ კონსტრაქშენია“.
აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა „თბილისი მარიოტში“ სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
„კონტინენტალ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი მოჰინდერ ვერმა აცხადებს, რომ ხუდონჰესის პროექტი ინვესტორთა ჯგუფს სათანადოდ აქვს შესწავლილი და საამისოდ საკუთარი გამოცდილების გარდა საერთაშორისო ექსპერტებიც დაიხმარეს.
"პროექტი რამდენიმე კუთხით შევისწავლეთ, მათ შორის იყო ფინანსური, ტექნიკური და გარემოზე ზემოქმედების საკითხები, ასევე იყო მთავრობის ფაქტორი. 2005 წელს ვეწვიე პირველად სოფელ ხაიშს და კაშხლის სავარაუდო ადგილმდებარეობას, მას შემდეგ არაერთხელ ვიყავი ჩასული. 27-ზე მეტი კაშხალი და შესაბამისი ნაგებობა გვაქვს აშენებული... მინდა, დავარწმუნო ყველა, რომ ხუდონის პროექტს სტანდარტების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში და ქვეყნისთვის მინიმალური შესაძლო დანახარჯებით განვახორციელებთ. პროექტში ჩვენი რესურსი ფინანსურის გარდა ტექნიკური კვალიფიკაციაცაა. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩატარებულ კვლევებში უამრავ საერთაშორისო და ცნობილ ორგანიზაციას აქვს მონაწილეობა მიღებული", - განმარტავს მოჰინდერ ვერმა.
ბიზნესწრეებში ცნობილი ინდური ოჯახის კანსაგრების შთამომავალი, ინვესტორი ბუპენდრა კანსაგრა კი აქცენტს საქართველოსთვის ხუდონის პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს.
„მას შემდეგ, რაც მივიღებთ საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ, შევძლებთ, უფრო კონკრეტულად ვიმუშაოთ ინვესტორებთან, რათა მათაც შეიტანონ საკუთარი წვლილი პროექტის წარმატებაში. მოხარული ვარ იმ მხარდაჭერით, რასაც საქართველოს მთავრობა ჩვენ მიმართ ავლენს და ვიმედოვნებთ, ეს გაგრძელდება”, - აცხადებს ბუპენდრა კანსაგრა.
ინვესტორთა განმარტებით, ხუდონჰესის მშენებელი „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ საქართველოშია რეგისტრირებული და ყველა გადასახადს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაიხდის, ოფშორში კი მხოლოდ მის მფლობელ ერთ-ერთი კომპანიას აქვს რეგისტრაცია გავლილი, რაც მათი განმარტებით, საგადასახდო ფაქტორებს უკავშირდება.
„კონტინეტალ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ხუდონის პროექტის კონტექსტში ხაიშელების პრობლემის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს და ადგილობრივებთან დიალოგს მომავალშიც გაარძელებენ.
ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობასა და ჰიდრორესურსების ათვისების აუცილებლობაზე საუბრობს „ტრანსელექტრიკა - ჯორჯიას“ წარმომადგენელი დავით მირცხულავაც.
„უფალს აზერბაიჯანისთვის ნავთობი აქვს მიცემული, საქართველოსთვის - ჰიდრორესურსები და ჰიდროენერგია, რომლის გამოუყენებლობა რაციონალური არ იქნება. ევროპაში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელსაც ჰიდრორესურსი გააჩნია და მისი ათვისების დონე არ არის 95%. მაგალითად, ნორვეგიას, რომელსაც აზერბაიჯანზე არანაკლები გაზი და ნავთობი აქვს, 3600 კაშხალი აქვს აშენებული. ევროპაშიც აქტიურად აშენებენ კაშხლიან წყალსაცავებს“, - განმარტავს დავით მირცხულავა.
საქართველოს მთავრობის ნებართვის შემთხვევაში ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100