ოკუპირებულ გალში დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა შევიდა
ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სახედროებმა გალში დამატებითი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. უთხრა Livepress.ge-ს გალის მკვიდრმა, ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების მოტივით არ ისურვა. მისი ცნობით, სოფელ ხუმუშკურის გავლით ქალაქ გალში შევიდა დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკა - დაახლოებით 30 ტანკი და „ვაზის“ ტიპის სატვირთო მანქანა და ორჯერ მეტი სამხედრო პირი. „დიდი ხანია ასეთი კოლონა ჩვენთან არ გვინახავს. ტანკებიც იყო და სამხედრო მანქანებიც“, ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომლისთვისაც უცნობია, თუ რამ გამოიწვია გალში სამხედო ნაწილების როტაცია.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზური ე.წ. საშვის აღება თანდათან რთულდება. უკვე კვირაზე მეტია მოქალაქეთა რიგები არ წყდება გალის მილიციასთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საშვის მისაღებად. Livepress.ge-ს რესპოდენტების ცნობით, ერთჯერადი ე.წ. საშვი 100 რუსული რუბლი ღირს. გალის მკვიდრმა ლიანა ხუბულავამ ე.წ. საშვი გალის მილიციის შენობის მოპირდაპირედ მდებარე პატარა ჯიხურში 2 დღის წინ შეიძინა. „სადაც საშვებს იძლევიან მხოლოდ ერთი ქალი ზის, მისცემ 100 რუსულ რუბლს, აჩვენებ აფხაზურ ან რუსულ პასპორტს და საშვს მოგცემს”, ამბობს გალის მკვიდრი და დასძენს, რომ საშვებზე მოთხოვნა გამოიწვია გალში სკოლის დაწყებამ, რადგან ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს მშობლები ძირითადად ზუგდიდში ყიდულობენ. ლიანა ხუბულავა ამბობს, რომ ე.წ. საშვი ერთჯერადია და მას უკან გზაზე, აფხაზურ საგუშაგოზე ტოვებენ, ახალი საშვის აღება კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
კომენტარი