სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„83 მედალი, აქედან 43 ოქრო, მიყვარხარ და მეამაყები“ - ვარლამ ლიპარტელიანის ცოლის ემოციური პოსტი

ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლემ, გიული ჭკუასელმა სოციალურ ქსელში ლიპარტელიანის ჯილდოების კუთხის ფოტო გამოაქვეყნა ვრცელი კომენტარით, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“83 მედალი (რაც სახლში გვაქვს):

43 ოქრო,
19 ვერცხლი,
21 ბრინჯაო.

მათ შორის:

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი,
მსოფლიოს ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი,
ევროპის 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი,
ევროპის თამაშების ვერცხლის მედალი,
გუნდურში მსოფლიოს 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი,
გუნდურში ევროპის 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი,
ახალგაზრდებში მსოფლიოსა და 2 გზის ევროპის ჩემპიონი,
3 გზის გრანდ სლემის, 5 გზის გრამპრის და 3 გზის მსოფლიო თასის ჩემპიონი.
კონტინენტებს შორის გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული და ოქროს მედალი (ECCO Teams challenge).

თარო, ახალი მედლებისთვის, შეკვეთილია. ადგილიც გამოყოფილი... ალბათ, მალე მთელს კედელს მისი მონაპოვარი დაიკავებს, არადა არც ისე პატარა სივრცეა...

ჯერ-ჯერობით უმაღლესი ჯილდო ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალია, რომელიც უკვე მოვათავსე სხვა მედლებთან ერთად. ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული.

მგონი არ არსებობს არავინ საქართველოში, ვისაც 2016 წლის ოლიმპიადამ ლიპოს ცრემლები არ გაახსენოს. კვარცხლბეგზე დასაჯილდოვებლად გამზადებული ქართველი, რომელიც თავდახრილი იდგა და ტიროდა... რომ დავინახე კინო ფილმიდან ამოჭრილი კადრებივით ჩაიარა მთელმა ჩვენმა ერთად გატარებულმა ცხოვრებამ. ოლიმპიადაზე მოხვედრაა ჩვენი მიზანიაო, ხშირად გამიგია, ჩვენი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობა იყო, თორემ ვერცხლი უდიდესი მიღწევაა და მადლობა უფალს ამისთვის. გამახსენდა ლონდონი 2012 წელს, მაშინაც ტიროდა და მაშინაც ვერავის უყურებდა თვალებში. გამახსენდა ევროპის ჩემპიონატი ჩელიაბინსკში, რესეთში რუსებით სავსე დარბაზი, ფინალში ბეჭებზე გაკრული რუსი, შოკისგან გასუსული დარბაზი და ჩემი კივილი: ლიპომ მოიგო, მოიგო! გამახსენდა როგორ ვუგზავნიდი ორსულობის დროს ეხოს ფოტოებს, ვიდეოებს - როგორ ისწავლეს ბავშვებმა „მამა“-ს წარმოთქმა და როგორ აიდგეს ფეხი, ის ხომ უმეტეს დროს შეკრებებზე ატარებდა. არც დათის დაბადებას დასწრებია, რამდენი ხანია არც ჩემი და არც მისი დაბადების დღე არ გაგვიტარებია ერთად. გამახსენდა როგორ გვიჭირდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთის გარეშე და ვუძლებდით, იმიტომ რომ 10 აგვისტოსთვის ვემზადებოდით. ეს დღე უნდა ყოფილიყო ამდენი შრომის, ამდენი წვალებისა და ნერვიულობის შედეგი. იყო კიდეც! არ ვნანობ არც ერთ დღეს, არც ერთ წამს მის გარეშე გატარებულს, იმიტომ რომ ეს გამარჯვება ამად ღირდა! ის კი უბოდიშებდა თავის ქვეყანას , რომ საქართველოს ჰიმნის ნაცვლად იაპონიის ჰიმნს ვისმენდით, თავი დახრილი ჰქონდა იმიტომ რომ თავის ცრემლებისთვისაც გვიბოდიშებდა. მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი შესწირა და საბოდიშო არაფერი აქვს! ბრაზდება რომ ეუბნებიან გაფრთხილება ეკუთნოდა იაპონელსო, ამბობს მაჯობა და დავმარცხდიო. არასოდეს არავისთვის დაუბრალებია მისი წარუმატებლობა, რაც არ უნდა ცხადი ყოფილიყო რომ წააგებინეს. მეტის გაკეთება შემეძლოო იტყვის ხოლმე და უფრო მოტივირებული აგრძელებს ბრძოლას. ასეთია ლიპო!

ოლიმპიადა დასრულდა და იწყება ახალი ოლიმპიადისთვის მზადება, უფრო შემართებით ვიდრე აქამდე, უფრო დიდი იმედით ვიდრე აქამდე. უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც: ახლა ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორცმებია. არ დამეზარა და დავთვალე, 235 ისეთ ადამიანს ჰქონდა მოწერილი ჩემთვის, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. ისეთი სიტყვები, როგორზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო. ლიპოს ემოციით ის ისეთი გაიცნო ხალხმა, როგორსაც მე ვიცნობ, რისთვისაც მიყვარს...
თავადაც აღნიშნა და მეც ვიტყვი: ვერანაირი ოქრო ვერ გადაწონის იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც ქართველმა ხალხმა ლიპოს მიმართ გამოიჩინა.

ამიტომ დიდი მადლობა შენ ლიპო! ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის, იმისთვის რომ ასეთი ამაყი ვარ! და მაპატიე რომ ვერ გიცავ ყოველდღიური პრობლემებისგან, რაც შენზე ასე მოქმედებს! სათანადოდ ვერ გიფრთხილდები და ვერ ვზრუნავ შენზე. მაპატიე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანის გვერდით ასეთი სუსტი ვარ და შენზე დამოკიდებული. ახლა ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გეკუთნის შენ! ჩემზე ამბობენ ლიპოს ცოლიაო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მე მზად ვარ შენთან ერთად ვატარო ეს დიდი და მძიმე "უღელი" და არასოდეს შევასუსტო.

მიყვარხარ და მეამაყები.” - წერს გიული ჭკუასელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100