დადო თუ არა ავტომობილების ტექნიკურმა ინსპექტირებამ შედეგი
დავით მესხიშვილი: „ტექდათვალიერების პირველი ეტაპი ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა“
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე
დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი
ჩავარდა. ექსპერტი განმარტავს, რომ ავტობუსების, მიკროავტობუსების და სატვირთო-სატრანსპორტო
საშუალებების დიდი ნაწილი ისევ გაუმართავია და გამონაბოლქვი აქვს. მესხიშვილი მიზეზსაც
ასახელებს და ამბობს, რომ კანონი სათანადოდ არც ერთ შემთხვევაში არ აღსრულებულა.
„უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ კანონის აღსრულება ვერ
მიმდინარეობს სათანადო დონეზე. ზოგიერთ მანქანას გავლილი აქვს ინსპექტირება, მაგრამ
მაინც იგივე შედეგი გვაქვს. მეორეს მხრივ - ჩვენ ვხედავთ, რომ ავტომობილის მძღოლები
საერთოდ არ მიდიან ინსპექტირების გასავლელად. კანონის აღსრულება არის პირველი და ყველაზე
დიდი ხარვეზი ამ შემთხვევაში. ასევე, არ გაიმართა რეფორმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი
- სოციალური კამპანიები - თუ რატომ იწყება ინსპექტირება, თუ რატომ არის ეს ამდენად
მნიშვნელოვანი. ეს ყოველივე საზოგადობას არ განემარტა. ავადობის მაჩვენებლის ზრდა,
ჰაერის დაბინძურების გამო, შედეგები, თყ რა მოყვება სატრანსპორტო საშუალების გაუმართავ
მდგომარეობაში გადაადგილებას, საზოგადოებას არ განემარტა,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე პრობლემის
მიზეზად პასუხისმგებელი პირის არარსებობასაც ასახელებს და განმარტავს, რომ ხარვეზები
მენეჯმენტის კუთხითაც არსებობს.
„თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა, ჩვენ
მოგვიწევს იმის თქმა, რომ რეფორმა დარჩა ფურცელზე და ის ჩავარდა. ეს ძალიან ცუდია ბევრი
მიზეზის გამო . უპირველესად იმიტომ, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირება ოყო განზრახული.
მეორე მხრივ - ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ევროპასთან,“
- აცხადებს მესხიშვილი.
ავტოპარკის განახლება
- ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც, მესხიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ჰაერის დაბინძურების
პროცესის შესაჩერებლად უნდა გამოიყენოს.
„ქვეყანას არ გააჩნია ავტოპარკის განახლების პროგრამა. ხელშეწყობა უნდა მოხდეს ახალი ავტომობილების შემოდინების და არა ძველის. რასაც ჩვენი განბაჟების სისტემა პირდაპირ ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია რომ შემცირდეს საერთოდ ავტომანქანის ფლობის მსურველების რაოდენობა, რომ რამენაირად ბუნებრივი კლება გამოვიწვიოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სამართლიანი განბაჟების სისტემა, სწორი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არის გამოსავალი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც შვება ვიგრძნოთ,“ - განმარტავს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.
კომენტარი