სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ფულადი ჯარიმები იზრდება

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ფულადი ჯარიმები იზრდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შს სამინისტროს მიერ წარდგენილი ცვლილებები დღეს, პარლამენტმა მესამე მოსმენით - 80 ხმით დაამტკიცა.

მიღებული პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.
გარდა ამისა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2 000 ლარამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100