რას სთხოვენ უნივერსიტეტები სააკაშვილს?
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს მიმართავენ, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ 19 აპრილს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ განაცხადა, ამ ცვლილებებით უნივერისტეტის ავტონომია იზღუდება.
"ამ ცვლილებებით იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომია. ეს ცვლილებები პარლამენტმა 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა, უნივერსიტეტისა და მისი საბჭოების უკითხავად შეუცვალონ სახელმწიფო უნივერისიტეტებს იურიდიული ფორმა, ანუ კერძო სამართალის სუბიექტის სტატუსი შეიცვალოს საჯარო სამართლის სუბიექტის სტატუსად. ეს ფაქტი, რომ ამ შესწორებით უნივერსიტეტის ავტონომია იზღუდება, იწვევს ჩვენს წუხილს. ამიტომ, პრეზიდენტს თხოვნით მივმართავთ, რომ დაადოს ვეტო ამ ცვლილებებს", - განაცხადა თევზაძემ.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტს ამ ცვლილებებზე ჯერჯერობით არ აქვს ხელი მოწერილი და ცვლილებები ამოქმედებული არ არის.
"ამ შესწორებით პრობლემა შეიძლება შეიქმნას ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებაშიც, ასევე მოძრავ და უძრავ ქონებასთან მიმართებაში. უნივერსიტეტები ქმნიან ქონებასაც, ეს იქნება პატენტები, გამოგონებები და ამ ყველაფრის ხელყოფა მას მერე, რაც უნივერისტეტები გადაკეთდება საჯარო სამართლის პირებად იქნება უფრო ადვილი. არ შეიძლება, რომ უნივერისტეტებს მის უკითხავად შეუცვალონ სამართლებრივი სივრცე. თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ ცვლილებებს, შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტმა უფრო დაწვრილებით განიხილოს ეს საკითხი", - განაცხადა თევზაძემ. მისივე ინფორმაციით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია გამართა. "მე მან მითხრა, რომ დამეხმარებოდა მოლაპარაკებებში, თუმცა ფაქტია, რომ სამივე მოსმენით კანონპროექტი მიღებულია", - აღნიშნა თევზაძემ.
კომენტარი