ლუდის ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებისა და ეკონომიკის ექსპერტების, ხელისუფლებისა და ლუდის ინდუსტრიის მონაწილეობით შეხვედრა და დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ის უარყოფითი მხარეები, რაც ლუდზე აქციზის გაძვირებას შესაძლოა მოყვეს. შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“(„სიპი“) ანალიტიკოსებმა ირაკლი ლექვინაძემ და ლევან კალანდაძემ ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგებზე ისაუბრეს. ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა.
ლუდის ქართველი მწარმოებლები აქციზის გაძვირებას ცალსახად უარყოფითად აფასებენ. კომპანია ნატახტარის დირექტორის, კორპორატიულ საკითხებში ნიკოლოზ ხუძაკიშვილის განცხადებით: „ნახევარ ლიტრ ლუდზე ფასი არა 10 თეთრით გაიზრდება, როგორც ეს ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, არამედ 20-25 თეთრით. აქციზის 10 თეთრს კიდევ რამდენიმე გადასახადი ემატება, რაც პროდუქციის ფასის მნიშვნელოვნად ზრდას ნიშნავს.“
კასტელ - საქართველოს გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილს კი ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის იმედი აქვს: „ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ჩვენს მსჯელობას მოისმენს და ჩვენი მცდელობები შედეგს გამოიღებს. სხვა შემთხვევაში შემცირდება ლუდის ბაზარი, შესაბამისად მოიკლებს წარმოება, გაჩერდება დანადგარები და მოგვიწევს თანამშრომლების შემცირება“.
კვლევის ერთ - ერთმა ავტორმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ “შეხვედრები ლუდის ქართველ მწარმოებლებთან არ ყოფილა და ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს, რაც მწარმოებლებს 2015 წლის სეზონს ფაქტიურად ჩაუგდებს. შეხვედრები იყო, მაგრამ კონსულტაციები არ ყოფილა. მსგავსი ფორმით კომუნიკაცია მიუღებელია“.
კომენტარი