სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სირიაში შეტაკებები გრძელდება, მსხვერპლი კი იზრდება

სირიაში, გუშინ, რამდენიმე ქალაქში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია სამართალდამცველებმა სასტიკად დაარბიეს. ამის შესახებ, სააგენტო Associated Press–ი იუწყება.

ძირითადი შეტევა ქალაქებში: ხომსში, ხამში და ლატაკიაში განხორციელდა. დაღუპულები არიან სხვა ქალაქებშიც. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დემონსტრანტებს საბრძოლო ტყვიებს ესროდნენ. თეთრმა სახლმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართა, რომ დამატებით ზომებს მიიღებს, თუ მთავრობა საპროტესტო აქციების სასტიკი ზომებით დარბევას არ შეწყვეტს.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ეს განცხადება, ერთი კვირის თავზე გააკეთა, მას შემდეგ, რაც სანქციები განახორციელა სირიის ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ და მიუხედავად ამისა, შედეგს ვერ მიაღწია.

სირიის ხელისუფლებამ ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ სამხედრო დანაყოფები და მძიმე ტექნიკა გამოიყვანა. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ პარასკევს, ღამით სირიის არმია ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბანიასშიც შევიდა და მალე მთელი ქალაქი დაიკავა.

პროტესტანტებმა 6 მაისი „დაუმორჩლებლობის დღედ“ გამოცხადეს. დამასკოს მთავარი მეჩეთის მოედანზე, ათასობით მომიტინგე 5 დღიანი ლოცვის შემდეგ, სამართალდამცველებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთო. საბოლოო ჯამში, 20 კაცზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ კვლავ გამოხატავს მხარდაჭრას სირიელი მოსახლეობის მიმართ და გამოთქვამს მწუხარებას დაჭრილებისა და დაღუპულების გამო.

მიუხედავად მსხვერპლისა, აჯანყების ტალღა სულ უფრო იზრდება და უკვე ქალაქები – დარბასია, ამუდი და ზაბადანიც მოიცვა. თვითმხილველების განცხადებით, ქალაქ ტალში, სამართალდამცველებმა მომიტინგეებს ცეცხლი პირდაპირ გაუხსნეს. როგორც ირკვევა, კვლავ დააკავეს ცნობილი დისიდენტი რიადი საიფი.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პარასკევს ფართომასშტაბიანი აქციის გეგმა გაახმაურეს, მთელ რიგ ქალაქებში სამხედრო დანაყოფების გადაგზავნა და მობილიზება მოხდა.

ქალაქი ბანიასი თითქმის დაიცალა, რადგან მშვიდობიან მოსახლეობას ეშინია, იქაც ისეთივე წმენდა არ ჩატარდეს, როგორც ეს ქალაქ დერააში მოხდა.

როგორც ჩანს, მოსახლეობის პანიკა უსაფუძვლო არ არის. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, პარასკევს 20 დემონსტრანტზე მეტი დაიღუპა. მომიტინგეები ირწუნებიან, რომ ეს ადამიანები სამხედროებმა დახოცეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ „შეიარაღებულ ტერორისტებთან“ შეტაკებისას 10 სამართალდამცველი დაიღუპა.

მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო დემონსტარციები აქტიურ ფაზაში შევიდა, 500 ადამიანზე მეტია დაღუპული.

თეთრი სახლის მკაცრი გაფრთხილების შემდეგ, საკუთარი პოზიცია, ევროკავშირმაც დააფიქსირა. იგი მზად არის, განახორციელოს სანქციები 13 სირიელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ იმ აქციის დარბევას, რომლის დროსაც 2500 ადამიანი დააპატიმრეს. ძირითადი სანქცია საზღვრის დაუტოვებლობა და ანგარიშების გაყინვაა. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას აშშ–ც მიესალმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100