ისტორია 90-იანების თბილისიდან, რომელიც ღიმილს მოგგვრით
ჟურნალ გზის რედაქტორი მარიამ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ...
მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი...
კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ამ პირველს ფული ჰქონდა მისაცემი...
მე ცოტა მაგვიანდებოდა, იმ მეორემაც მოსვლა დააგვიანა, ეკა წასასვლელი იყო, ეჩქარებოდა... იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა...
ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, - ნახევარი საათი მაგვიანდებაო...
მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კიუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული...
- აქ დიდხანს იქნებიო? - ჰკითხა ეკამ...
ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა, ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია)... სიკეთით სავსე... ვერც წარმოუდგენია,რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს...
- ვა, რატო მეკითხები, ტო? - გაუკვირდა იმ ტიპს...
- ასე, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, რომელსაც ფული უნდა მივცე, გამხდარი გოგოა, ქერა თმით, ამა და ამ ნომერი მარშრუტკიდან ჩამოვა, - აღუწერა, რა ეცმებოდა, როგორი ჩანთა ექნებოდა... - ჰოდა, 100 ლარს დაგიტოვებ და გადაეციო...
ტიპი გამოშტერდა...
- კარგი, დამიტოვეო...
ამანაც ჩაუთვალა 100 ლარი, მოახტა მარშრუტკას და წავიდა...
ამასობაში, მე მივედი სახლში და ცოტა ხანში ის მეორე მეგობარი მოვიდა, თვალები აქვს გაფართოვებული კი არა და შუბლზე აზის...
- გაჩერებაზე ტიპი დამხვდა, - ლელა თქვენ ხართო? კი-მეთქი... აი, ეკამ ფული დაგიტოვათ, 100 ლარი და გელოებოდით, რომ გადმომეცა... ეგ რა მაგარი მეგბარი გყოლიათ, ტოოო... აი, ასი წელი წავიდოდი და ვერც მიპოვიდით, მაგრამ აესე მენდო, ტოოო, სახელიც არ უკითხავს ჩემთვის, იმედს როგორ გავუცრუებდიო...
ხო საოცარია? მაგრამ ნაღდია :)))))))))))
პ.ს. ეს ამბავი ნდობის გამართლებამ გამახსენა... ცუდია, უცნობი რომ ამართლებს და ახლობელი - ვერა, მაგრამ ეგ არაფერი... ეგეც გაივლის და ჭკუას ვისწავლი.“ - წერს ჯაფარიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი