"არ გამოვრიცხავ, გლდანის ციხეში არ იყოს... ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი" - გიული ალასანიას საგანგებო ბრიფინგი
"არ გამოვრიცხავ, გლდანის ციხეში არ იყოს... ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
გიული ალასანია ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუშვან.
ქრონოლოგიურად, რა ხდებოდა დღეს. საგანგებოდ ჩემი შვილიშვილი იყო ჩამოსული უტრეხტიდან, ღამე უკვე უნდა გაფრინდეს, მოგეხსენებათ, ორშაბათი მძიმე დღეა, მაგრამ ვფიქრობდი რომ ეს მარტივად მოხერხდებოდა, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა მე უნდა შევსულიყავი ციხეში. ჩვეულებრივ, ეს ხდებოდა ძალიან სწრაფად და ოპერატიულად. ამჯერად ძაან სხვანაირად მოხდა ყველაფერი, მივედით და აღმოჩნდა, რომ ვიღაცები არიან ჩემს შვილთან და ამიტომ არ შეიძლება რომ ეგრევე შევიდეთ. მერე მოვიდა ინფორმაცია, რომ კონსილიუმი მიმდინარეობს, ესეც გასაგები და მისაღები იყო. შემდეგ უკვე დავინახეთ, რომ მოვიდა აკო მინაშვილი და დავინახეთ, როგორ შევიდა და გვითხრეს, რომ რაღაც გაუგებრობაა და მას შემდეგ შევალთ ჩვენ. ეს გაგრძელდა დიდხანს. ბოლოს და ბოლოს გავიგეთ და დავინახეთ კიდევაც, რომ გამოვიდა ბატონი პარლამენტარი და ჩვენ მაინც არავინ გვეძახის.
გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, საათამდეა ლაპარაკი და ისევ არაფერი ჩვენთან და ვიღაცამ თქვა, რომ პირადი ექიმია შესული. ესეც მისაღები იყო, თუმცა გაგვიკვირდა, მთელი ოჯახი ქვემოთ ველოდებოდით. და ასე გაგრძელდა...
ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან, ღამე უკვე ჩემი შვილიშვილი უნდა გაფრენილიყო, სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ენახა მამამისი. და უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან... ისედაც გამიჩნდა ეჭვი, ვფიქრობდი, რომ არ იყო გამორიცხული და გაცხადდებოდა, რომ მართლაც მიჰყავდათ კერძო კლინიკაში და უცებ აღმოჩნდებოდა გლდანში.... ცოტა ხანში უკვე ამოძრავდა ხალხი, გაირკვა, რომ ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო ტერიტორიაზე... სად დაიკარგა პატიმარი, - ამბობს გიული ალასანია.
კომენტარი