ბიზნესომბუდსმენი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, ბიზნესომბუდსმენის ოფისში გიორგი გახარიამ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრას ასოციაციაში შემავალი ყველა კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
საუბრის მთავარი თემა არაალკოჰოლური სასმელების (მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლის) ელექტრონული მარკირება იყო. საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გადაიდო. საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე ღიად რჩება და შარშან დადებული ხელშეკრულება, ფაქტობრივად, კვლავ ძალაშია.
მეწარმეებმა, საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენს საკუთარი პოზიცია გააცნეს. საუბარი შეეხო ახალი რეგულაციის მოსალოდნელ ფისკალურ შედეგებს. შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არგუმენტები შეჯერდება და აღმასრულებელი ხელისუფლება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახლო მომავალში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კომენტარი