სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: ჩვენ არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა „რუსთავი2“–ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მისი უახლოესი მეგობრისა და 9 წლის განმავლობაში შსს–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შოთა ხიზანიშვილის დაკავება პირადად მერაბიშვილზე ზეწოლისთვის მოხდა:

“პირველ რიგში გამოვეხმაურები ჩემი პირადი მეგობრის, 9 წლის განმავლობაში ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი, შოთა ხიზანიშვილის დაკავებას. მე ვიცი, რომ მისი დაკავება მოხდა იმისთვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა. იმიტომ, რომ ის არის ძალიან ახლო მეგობარი, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. მაგრამ ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნაბიჯით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში, პირიქით ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და ჩვენ არ შეგვეშინდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების.

რაც შეეხება თენგიზ გუნავას, იგი არის სამეგრელოში ნარკოტიკების მაფიის მოსპობის სიმბოლო (თენგიზ გუნავა– სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი, დააკავეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით).

თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ გუნავას პოლიციის უფროსობის დროს სამეგრელოში, პრაქტიკულად, ამოიკვეთა ნარკოტიკების რეალიზაცია. გუნავა იყო ადამიანი, რომელიც ჩემი დავალებით ომის დროს დარჩა ზუგდიდში. რუსი და აფხაზი ბანდიტების იქ ყოფნის დროს ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანების უსაფრთხოება და ქონება ყოფილიყო დაცული. მე, მასაც როგორც ხიზანიშვილის ოჯახს, დავუდგები გვერდში. “,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100