საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნება
11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (მის: რუსთაველის გამზ. 29) კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს წარადგენს და საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რუსუდან მდივანი.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი მაიკლ გერბა, რომლებიც ისაუბრებენ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაზე, ხედვასა და მოღვაწეობაზე, ცენტრის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და სხვა საკითხებზე.
ცერემონიალის ფარგლებში გაიმართება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ამსახველი ფილმების ჩვენება.
ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი წარადგენს ავსტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, რა თქმა უნდა, სასოფლო–სამეურნეო კვლევებისა და ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის გზით.
2017 წლიდან კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნის წინაპირობას 2016 წლის 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - სამეცნიერო კვლევითი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადენდა. სწორედ მის ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში გახდება ცენტრის რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერებისა და მწარმოებლების ცოდნას.
კომენტარი