მუამორ კადაფის მეუღლე სამ შვილთან ერთად ალჟირშია (ვიდეო)
მუამორ კადაფის მეუღლე საფია, მისი ორი ვაჟი - მუჰამედი და ჰანიბალი, ასევე ქალიშვილი - აიშა ალჟირში იმყოფებიან. ამის შესახებ ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულია, რომ მათ ლიბია-ალჟირის საზღვარი ორშაბათს, დილით გადაკვეთეს. თვითონ “ჯამახირიის” ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
გარდამავალი ნაციონალური საბჭოს მიერ დაწესებული ჯილდო, რომელიც პოლკოვნიკის მპოვნელისთვისაა განკუთვნილი და მილიონ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ისევ ძალაშია.
უცხოური გამოცემები წერენ, რომ ალჟირი კადაფის ოჯახის წევრების მიღებას ჰუმანიტარული მოსაზრებებით დათანხმდა, კერძოდ, იმის გამო, რომ კადაფის ქალიშვილმა, აიშამ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა.
რაც შეეხება თვითონ კადაფის, სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ის ისევ ალჟირშია და ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ერთ-ერთი ვერსიით, კადაფი ტრიპოლიდან 100 კმ-ის დაშორებით, ქალაქ ბენი-ვალიდში იმყოფება და მას მუდამ თან ახლავს უფროსი ვაჟი, საიფ ალ-ისლამ კადაფი.
ბრიტანული ტელეარხი SkyNews კი ლიბიელ ინკოგნიტო დიპლომატებზე დაყრდნობით სენსაციურ ცნობას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუამორ კადაფის ერთ-ერთი ვაჟი, ხამის კადაფი ბრიტანელებმა რაკეტის გასროლით მოკლეს, როცა მათმა ვერტმფრენმა მიზანში ამოიღო ავტომანქანა, რომელიც ტრიპოლიდან 60 კმ-ის სიახლოვეს გადაადგილდებოდა. გავრცელებული ცნობები ლიბიელ ამბოხებულთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც ეყრდნობა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ხამის კადაფის დაღუპვის შესახებ ცნობა, რომელიც არც ერთხელ არ დადასტურდა.
ამავე დროს, ბრიტანულ ტელეარხს მოჰყავს მოვლენის თვითმხილველის, ხამის კადაფის პირადი მცველის სიტყვები, რომ მისი შეფი ნამდვილად დაიღუპა. ეთერში ნაჩვენები იყო ალმოდებული ავტომანქანა და ტექსტშიც აღინიშნა, რომ იგი დაჯავშნული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ანგარიშგასაწევი პერსონა იჯდა. დამატებითი დეტალები მანქანაში მუამორ კადაფის ვაჟის ყოფნის შესახებ არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ხამის კადაფი ძმასთან, საიფ ალ-ისლამთან ერთად, მამის მემკვიდრედ ითვლებოდა. იგი ლიბიის არმიის ელიტარულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.
კომენტარი