სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტების განცხადებით, ომბუდსმენის რეკომენდაციები ხუდონჰესზე არაკომპეტენტურია

"ხუდონჰესთან" დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც თან 7 რეკომენდაცია ახლავს, მთავრობას უკვე გადაეგზავნა. "მათი გათვალისწინების გარეშე შეიძლება დაირღვეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, ასევე ეჭვქვეშ დადგეს ზოგადად ამ მშენებლობის კანონიერება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძე და გიორგი აბაშიშვილი აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები არაკომპეტენტურია და მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის იმიჯს საინვესტიციო გარემოს ფორმირების თვალსაზრისით.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "იმ დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე, ზოგადად, ინვესტიციების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ვფიქრობ, ისეთი მნიშვნელოვანი პერსონების მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია, უფრო კომპეტენტური კვლევის შედეგად გაკეთებული განცხადებები უნდა გვესმოდეს.

თითოეული იმ ადამიანის ინტერესი, რომელიც იქ ცხოვრობს, უმთავრესია და აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან პრაგმატულად, რეალისტურად უნდა შევაფასოთ ერთის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის იმიჯი საინვესტიციო, ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ფორმირების თვალსაზრით.

გიორგი აბაშიშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში) : "ხუდონის პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას არსებობის უფლება აქვს, თუმცა ჩემთვის ცოტა გაუგებარია სახალხო დამცველის ტენდენციური დამოკიდებულება და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს კომუნიკაცია ინვესტორთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლებსაც შეუძლიათ გასცენ პასუხი საკითხებს, რაც დასმულია ომბუდსმენის ანგარიშში.

ანგარიშში მოყვანილი საკითხები ძალიან გავს დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფების და მერკანტილური ინტერესების მქონე ადამიანების რიტორიკას. ასეთი საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც ჩემი აზრით, ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი აქვს ქვეყნისთვის, ვფიქრობ მიუღებელია.

პოლიტიკოსების რამდენიმე თაობა გაიზარდა ხუდონის თემაზე სპეკულაციებით და ჩემი სურვილია ასე არ გაგრძელდეს. ვფიქრობ, დროა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, სახალხო დამცველს კი ვურჩევ უფრო მეტ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებთან და ინვესტორებთან. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც რეალურად დაანახებენ იმ საჭიროებებს, რაც მათთვის არის დღეს მნიშვნელოვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100