სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება ამტკიცებს, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს

ირინა გაფრინდაშვილი: „სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და უწყვეტ ინვესტიციას”

გემრიელი და ქართველი მომხმარებლის საყვარელი „მარნეულის“ პროდუქცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე აწყვია, თავის დროზე საკმაოდ რისკიანი და ინოვაციური ბიზნეს წამოწყების შედეგია. 2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის „წყალი მარგებლის“ აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“ ისტორიაც.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი და 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა .

„სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და უწყვეტ ინვესტიციას. განვითარებული ქვეყნების ინოვაციური მიდგომის გათვალისწინების გარეშე, ის პოტენციალიც განადგურდება, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“ შვიდწლიანმა საქმიანობამ ეს ნათლად დაგვანახა,“ – აღნიშნავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.

2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა კომპანიას უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის.შესაბამისად, 2013 წელი „მარნეულის სასურსათო“ ქარხნისთვის გამორჩეული იყო. გაიზარდა პროდუქციის წარმოება, ამის მაგალითია სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები, კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად სალათების გამოშვებაც დაიწყო, განხორციელდა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. დღეისათვის „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ტომატ პასტის ბაზრის დაახლოებით 30% უკავია, ხოლო კიტრის მწნილის - 40%,

ქ-ნო ირინა,“მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიზანი იყო იმპორტირებული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლება...

საწარმოს შექმნის დღიდან ჩვენი მიზანია ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. მომხმარებელს ვთვაზობთ 100 პროცენტით ქართულ პროდუქტს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არსებული მითი დაგვემსხვრია, თითქოს საქართველოში წარმოება შეუძლებელია, კონკურენციას ვერ გაუწევ თურქეთს, ჩინეთს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მიღწევადი. იმისთვის რომ ქარხანამ შეძლოს წარმოება კონკურენტუნარიანი გახადოს, აუცილებელია წარმოების სრული ციკლი შეესაბამებოდეს და იყოს მაღალი სტანდარტების. სწორედ ამიტომ, ქარხანაში ნედლეულის უწყვეტი მიწოდების მიზნით, ინვესტიცია ჩაიდო „მარნეული აგრო“-ში. კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც სულ უფრო მეტად ვაფართოებთ. 2014 წლისთვისაც იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება. რაც უფრო მეტი ქართული საწარმო იქნება ქვეყნაში, მით უფრო მეტად დაიკავებს ქართული პროდუქცია იმპორტირებული პროდუქციის წილს ქართულ ბაზარზე.

თქვენი პროდუქცია 2013 წელს ექსპორტზეც გავიდა და როგორც ვიცით, უცხოელების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ მიმართულებით თუ გეგმავთ აქტივობებს?

ძალიან ბევრი შემოთავაზება და დიდი დაინტერესებაა მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქციის ექსპორტზე გასატანად. კომპანია პერიოდულად მონაწილეობას იღებს უცხოეთში გამართულ გამოფენებზე, რომლის მაგალითია FoodIst -სტამბულში 2012 წლის დეკემბერში, ხოლო თებერვლის ბოლოს კომპანია წარმოდგენილი იქნება ამ სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე - GulFood დუბაიში. მსგავსი გამოფენები ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო ახლოს გავიცნოთ, თუ რა მოთხოვნებია უცხოეთის ბაზარზე. პროდუქციის ექსპორტზე გატანა გრძელვადიანი თემაა და ჩვენ ვცდილობთ მომზადებულები ვიყოთ და ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ უცხოურ მომხმარებელს, რომელიც მალევე გახდება პოპულარული და ადვილად დაიმკვიდრებს ადგილს. ამ ეტაპზე კომპანია უფრო ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.

ქარხნის ძირითადი მომწოდებელი ჰოლდინგში შემავალი „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი ფერმერები არიან, როგორ ხდება დაგეგმვა, - მოსავლის მოყვანის და აღების პროცესი?

„მარნეული აგრო“ მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ერთ-ერთ წამყვანი კომპანიაა სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის ნედლეულის მთავარი მიმწოდებელია. გააჩნია საკუთარი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, სადაც მოყავს ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები. ხდება ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა საჩითილეებში და შემდეგ ხდება გადარგვა ღია გრუნტზე. „მარნეული აგრო“ იყენებს ბოსტნეულის მოყვანის ევროპულ მეთოდებს და ტექნოლოგიებს. კომპანიას გააჩნია თანამედროვე წვეთოვანი მორწყვისთვის საჭირო აღჭურვილობა, ასევე კიტრისა და პომიდვრის ამღები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. შედეგად მარნეული აგროს მოსავლიანობა ჰექტარზე გადაანგარიშებით ყოველწლიურად იზრდება, კომპანიის მთავარი მიზანია მოსავლიანობის მხრივ მივუახლოვდეთ მსოფლიოს მაჩვენებლებს. მაგალითისთვის პომიდვრის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 100-120 ტონაა, მაშინ როდესაც საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 15-20 ტონამდეა, ჩვენს მინდვრებზე მივაღწიეთ დაახოლებით 70 ტონას. რაც შეეხება კიტრს, ევროპაში მოსავლიანობა დაახლოებით 80-100 ტონამდეა, ხოლო მარნეული აგროს მინდვრებზე 55 ტონამდე. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს „მარნეული აგრომ“ ხორბლის რეკორდული მოსავალი აიღო, - 120 ჰექტარი მინდვრიდან - 450 ტონა ხორბალი. ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამ 7,5 ტონა შეადგინა, რაც ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელს 4-ჯერაღემატება. ეს მაჩვენებლები საქართველოსთვის რეკორდულია.

რაც შეეხება წარმოებას, როგორი იყო 2013 წლის წარმოების სეზონი?

მარნეულის სასურსათო ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებისგან და საკუთარი მეურნეობიდან მარაგდება, გადანაწილება დაახლოებით შემდეგნაირია: ნედლეულის 40%- ს საკუთარი მინდვრებიდან ვიღებთ; ხოლო 60% ქართულ ბაზარზე მოღვაწე ფერმერებიდან შემოგვდის. ნედლეულს საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიიდან ვიბარებთ. მოსავლიანობა ყოველწლიურად გვეზრდება. მომავალი სეზონისთვის მოსავლის აღების ტექნოგიებში ინვესტიციების ვდებთ, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ კიდევ უფრო დიდი წარმოება ბაზრისთვის. საქართველოს კლიმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიტრის მოსავალი ორ სეზონზე გადავანაწილოთ. პირველი სეზონის მოსავლის აღება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ივლისის დასაწყისამდე გრძელდება, ხოლო მეორე მოსავალი სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. 2013 წელს კიტრის რეკორდული მოსავალი მივიღეთ. ქარხანაში კიტრის გადასამუშავებლად ევროპელი მწარმოებლების ცნობილი დანადგარებია, რაც უზრუნველყოფს წარმოებულის მაღალ დონეს და ხარისხს. არსებული ტექნოლოგიური ხაზები კომპანიას საშუალებას აძლევს ნედლეული დააფასოვოს შემდეგ ფორმატებში: 200, 250, 370, 580, 730, 1000, 3000 მლ-იან შუშის შეფუთვებში, 210,425, 830 გრამიან თუნუქის ქილებში, ასევე დიდ მოცულობებში. ჯემები დაფასოებულია 5, 10 და 20 კილოგრამიან სათლებში, კორპორატიული მომხმარებლებისთვის 2013 წლიდან დავამატეთ თუნუქის 14 და 18 ლიტრიან შეფუთვებშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100