18 წლის გოჩა ილურიძე 2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა
უწყება როგორც კი მოუტანეს, მაშინვე წავიდა ჯარში. დედამ გააცილა. მერე უფროს ძმას, რომელიც კონტრაქტორი იყო, რჩევა ჰკითხა, კონტრაქტზე უნდოდა გადასვლა. ძმამ ურჩია, სპეცრაზმში შესულიყო. შევიდა კიდეც. მხოლოდ ორი თვე იმსახურა. ორივე ძმა იბრძოდა აგვისტოს ომში, ერთმანეთი არ უნახავთ, უბრალოდ, ორივემ იცოდა, რომ ძმა სადღაც ახლოს, ფრონტის წინახაზზე იყო.
8 აგვისტოს, ერედვში დაიღუპა, მაშინ როცა ოკუპანტებმა კასეტური ბომბი ჩამოაგდეს. აფეთქებისთანავე გარდაიცვალა: მარჯვენა ფერდში ჰქონდა ჭრილობა, გამავალი... დედას ტელეფონით ბოლოს 6 აგვისტოს ესაუბრა და მოატყუა, მარნეულში ვართ, ვვარჯიშობთო. იმის შემდეგ დედა ვერცერთ შვილს ვერ დაუკავშირდა, ხოლო 9 აგვისტოს გოჩა სახლში მიუსვენეს. იმ დროს უფროსი ძმა ცხინვალში იბრძოდა და არც იცოდა, რომ გოჩა აღარ იყო...
დედა: „მთელი დღე არაფერს მეუბნებოდნენ, შებინდებისას მთელი ეზო გაივსო... ჩემს თავს რომ უბედურება ტრიალებდა, მივხვდი, ვერავინ მიბედავდა თქმას, მე უფროს ბიჭზე ვფიქრობდი, გიორგის ხომ არ დაემართა-მეთქი რამე. გოჩაზე ერთი წამით ცუდი არ მიფიქრია...
არ მეუბნებოდნენ სახელს, რომელი დაიღუპა... მერე ჩემმა ნათლიამ მითხრა: გოჩა აღარ გყავთო... გიორგის 10 აგვისტოს გავაგებინეთ ძმის დაღუპვა, ბიძამ დაურეკა და ჩამოიყვანეს. 14 აგვისტოს დავკრძალეთ გოჩა...
უთქმელი ბავშვი იყო... შეყვარებული არ ჰყავდა, ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ არაფერს ამბობდა ჩვენთან. მისმა მეგობრებმა გვითხრეს მერე...“
ანა ყაბანაშვილი, გოჩას ბებია: „6 წლიდან ჩემთან იზრდებოდა. წესიერი და ზრდილობიანი ბავშვი იყო, ძალიან უთქმელი, ბაბო მოუკვდეს... დაუზარელი იყო, ვინმეს რამე რომ ეთხოვა, უარს არავის ეუბნებოდა... მშრომელი ბიჭი იყო, მეხმარებოდა, დამიბარავდა, დამითესავდა ხოლმე... ძალიან უჭირდათ და თუ კი სადმე სამუშაო იყო, ყველგან მიდიოდა და არაფერს თაკილობდა. დაკოჟრილი ხელები ჰქონდა...
ჯარში ისე წავიდა, რომ ვერ მოასწრო ბოლოს ჩემი ნახვა... ადრე ვეუბნებოდი, გოჩა ჯარში, რომ წახვალ, როდისღა მნახავ, ცოცხალს მომისწრებ-მეთქი? გახმეს ჩემი ენა...“
გაზეთ „პრაიმტაიმის“ წერილების ციკლის „გმირები“ მიხედვით.
კომენტარი