ახალი ფლირტი "ცეკვავენ ვარსკვლავებში"
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ისევ შარი-შურია, ისევ კულისური ამბები, ფლირტი და სიმპათიები. ამჯერად ასპარეზზე ერთ-ერთი წამყვანი გამოდის. "კარგა ხანია" ლევან ხურციას სახელის გვერდით, ახალი ქალის სახელი არ ხსენებულა... როგორც ჩანს, ახალ პროექტს ელოდებოდა.
როგორც გავიგეთ, ხურციას და ლელო ჩქარეულს შორის დიდი სიმპათიებია. ლელო გივი სიხარულიძის მეწყვილეა. თურმე წყვილს შოუს დაწყებამდე განმარტოებულს არც თუ იშვიათად ხედავენ. მსახიობს გემოვნებას ვერ დაუწუნებ, ეფექტური მოცეკვავისთვის დაუდგამს თვალი. ჩვენი ინფორმატორები ჯერ მათ რომანზე თავს ვერ დებენ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ლელოსა და ლევანს შორის მხოლოდ მეგობრობა არ არის. ორი კვირის წინ ჩქარეული ხურციას საგრიმიოროშიც კი შეუნიშნავთ, წყვილი კონიაკს წრუპავდა. კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ არის, ამჯერად კვამლი კი ამ წყვილის შინაგან ცეცხლს, ეტყობა, უკვე აუვიდა...
ადრე ლევან ხურციას რომანებს ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დიდ ადგილს ვუთმობდით, მას ჩვენი გაზეთის გაშლილი გვერდები აღიზიანებდა, მაგრამ გამოხდა ხანი, შეიცვალა გაზეთის ფორმატი და იმედია, ახლა ის არ გააღიზიანებს, მცირე ფართი რომ ეთმობა მის ახალ გრძნობებს. ხურციაზე ბევრი ვილაპარაკეთ და ვწერეთ. ამიტომ ლელოს გაგაცნობთ. ცხრა წლიდან ცეკვავს, "თელაში". მისი პირველი მეწყვილე გიგი გაჩეჩილაძე იყო. ერთად 4-5 წელი ცეკვავდნენ. საქართველოს, ამიერკავკასიის ჩემპიონი, რუსეთის ღია ჩემპიონატის ფინალისტიცაა, "დსთ"-ს ქვეყნების თასის მფლობელიც. ქორეოგრაფად მუშაობს სამოდელო სააგენტო "ლუქმოდელსში", მსაჯობს კონკურსებს.
25 წლისაა, თუმცა უფრო დიდი ჰგონიათ. "ბავშვობიდან მყავს ჯგუფები და პასუხისმგებლობის გრძნობას თავისი მოაქვს. თანაც პარკეტზე ქალბატონები უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე რეალურად ვართ". "პასადობლე" რომ იცეკვა, კარმენს შეადარეს. "ყოველი ორშაბათი პრემიერასავითაა, ახალ ცეკვას ფართო აუდიტორიას აჩვენებ. გამოცდილებას და პასუხისმგებლობას გმატებს. საინტერესესო ადამიანები გავიცანი. ჩემს სამეგობროს ახალი მეგობრები შეემატა. ვინც პირველ სეზონზე მუშაობდა, აღნიშნავს, რომ მეორე სეზონზე ვარსკვლავები და მოცეკვავეები ძალიან დამეგობრებულები არიან ერთმანეთთან. ჩემთვის პატივია რუსთაველის თეატრის სცენაზე დგომა".
- ის ბიჭი ვინ არის, ცოლად უნდა მოვიყვანო ლელოო და თურმე, "საქმეს" რომ "ურჩევდა" გივის?
- ეს ბატონ გივის ჰკითხეთ, არ ვიცი ვინ იყო. მგულშემატკივრობს, უნდა გაგათხოვოო, მეუბნება.
- გყავს ვინმე ისეთი თაყვანისმცემელი?
- ახლა სულ სარეპეტიციო დარბაზში ვარ და გვიან მივდივარ სახლში. პირადი ცხოვრებისთვის არც დრო მაქვს, არც რომანტიკული განწყობა.
- ლევან ხურციას და ლელოს ერთმანეთი მოსწონთო.
- მე და ლევანი მეგობრები ვართ. ერთმანეთს ამ პროექტამდეც ვიცნობდით. ერთ ფილმში გადაგვიღეს - "თბილისი-მოსკოვი". ლევანი მთავარ როლშია, მე ეპიზოდური როლი მაქვს. ლევანიც იმ დროს გავიცანი. გადაღება მომეწონა. ლევანს, როგორც მსახიობს, დიდ პატივს ვცემ, უნიჭიერესია. სხვადასხვა ჟანრის მსახიობია. გარდასახვა არ უჭირს. პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას. ამ პროექტში ისევ შევხვდით. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ შორის სასიამოვნო მეგობრობაა.
- მეგობრობით იწყება...
- მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
- ჯერჯერობით?
- ხო, ასეა.
- ესე იგი, ჯერჯერობით.
- მეგობრები ვართ!
- ხშირად ერთად გხედავენ...
- მანამდე რომ ვმეგობრობდით, შესაბამისად, მგულშემატკივრობს. მე მეგობრობაზე მეტი არ შემიმჩნევია ჩვენს ურთიერთობაში.
- სხვამ შეამჩნია, ალბათ...
- ჩვენ ყველა ასე ვკონტაქტობთ. ერთნაირი ურთიერთობა აქვს ყველასთან.
- მაგრამ მხოლოდ ლევანზე და შენზე ითქვა.
- კარგი ადამიანია. ერუდირებული და გალანტურია. ქალბატონების მიმართ ყურადღებიანი და ჯენტლმენურია, რისი ნაკლებობაც არის მამაკაცებში.
- ანუ მოგხიბლა...
- არ ვიცი. სასიამოვნოა, როცა გალანტურად გეპყრობიან. კულტურული და გალანტური ბიჭია და ვაფასებ. გოგოს და ბიჭს შორის ასეთი ურთიერთობა უნდა იყოს.
- მის პირადზე იცი რამე?
- არა, არ ვიცი.
- რომ მეგობრობთ?
- მართლა არ ვიცი.
- როგორ გაფასებს ცეკვის მერე?
- სასიამოვნოა წამყვანები რომ გვერდით გიდგანან. გვეუბნებიან, კარგი გამოსვლა იყო, კარგად იცეკვეთო. დადებითი შეფასება მოდის. ეს კი სტიმულს გვაძლევს.
- ლევანი სულ რომანებშია, შენ აქამდე არ გყვარებია?
- ერთხელ, ადრე... არ იყო მოცეკვავე. მეწყვილე არასდროს მომწონებია. კი შეჩვევა და ემოციების გაცვლაა ცეკვაში, მაგრამ მე მას საქმიან პარტნიორად ვუყურებ და არა რომანტიკა და ფლუიდები.
- ეტყობა, გალანტური მეწყვილე არ შეგხვედრია.
- შეიძლება.
- გამოდის, ჯერ სამსახურებრივი რომანი არ გქონია.
- არა.
- ვნახოთ, როგორ დამთავრდება "ცეკვავენ ვარსკვლავები".
- ვნახოთ. იმედია, კარგი შედეგით. მაინც მაწვებით, ხო? არავინ იცის რა იქნება. თან ისევ ვიმეორებ - ჩვენ მეგობრები ვართ.
ლევან ხურციამ ჩვენი ზარი მოჩვენებითად გაიკვირვა.
- გაზეთ "პრაიმტაიმიდან" გირეკავთ.
- საიდან?
- "პრაიმტაიმიდან".
- მერე?
- ჩვენამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ...
- კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.
ლევანმა ასე უცერემონიოდ დაკიდა ყურმილი. ისევ გადავურეკეთ.
- თქვენსა და ლელო ჩქარეულზე უნდა გვეკითხა, რატომ გათიშეთ?
ტელეფონი ისევ გაითიშა...
ვინ ცვლის ჩერტკოევს?
შესაძლოა ერთ კვირაში გოჩა ჩერტკოევმა პროექტი დატოვოს. "ეს, სანამ ჩამოვიდოდი, ანუ შოუს დაწყებამდე სამი თვით ადრე იყო გადაწყვეტილი. კონტრაქტით მხოლოდ ექვს გადაცემაში უნდა ვყოფილიყავი".
- ვინ შეგცვლით?
- არ გვილაპარაკია, ვინმე შემცვლის, თუ ჩემი ადგილი ცარიელი დარჩება. მჯერა, რომ უჩემოდ კარგად წავა შოუ.
საუბარია იმაზეც, რომ გოჩას კონტრაქტი გაუგრძელონ. ალბათ, მის გარეშე ეს შოუ უკვე წარმოუდგენელიც არის.
თამარ გონგაძე, გაზეთი "პრაიმტაიმი"
კომენტარი