“დაბადების დღეს გილოცავ, ხუცო, იქ, ცათა სასუფეველში…” -გიო ხუციშვილი 59 წლის გახდებოდა
დღეს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. ამ დღეს შვილები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, ძირითადად, მამის საახლობლო წრის გარემოცვაში ტრიალებენ და იხსენებენ განსაკუთრებული ენერგეტიკის გიოს.
მამის ხასიათის შტრიხები, მანერები, ნაკვთები სამივე შვილშია გაბნეული. მათ შორის ნოდარიკო ყველაზე უფროსია. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, მამას დაუდგრომლობით, ემოციურობით და მოძრაობის სიყვარულით ჰგავს.
ნოდარიკო ხუციშვილი: – გიოს იმხელა საახლობლო წრე ჰყავდა, ხან ვის ვნახულობთ, ხან ვის. დაგეგმილი არაფერი გვაქვს. საფლავზე გავდივართ და მერე სხვადასხვანაირად. ჩემი მეგობრებიც მოდიან ხოლმე ჩემთან სახლში და ასე, ვიხსენებთ მამას… ვნახულობ გიოს უახლოეს მეგობრებს.
ახლა პანდემიაა, ვერაფერს დაგეგმავ. ეს სიტუაცია, ზუსტად ვიცი, ძალიან შეაწუხებდა (იცინის). მეც მიჭირს და ყველას, ვინც აქტიური ადამიანია. ვერ გაჩერდებოდა სახლში.
რაღაც რომ მიხარია, ან მწყინს, მინდება ხოლმე გავუზიარო. შეიძლება ცხოვრების მხიარულ ეპიზოდში დამაკლდეს, ან – მინორულისას.
გიოს რეპერტუარი ჩემთვის სათუთი თემაა. უახლოეს მომავალში, რომ გითხრათ, ვგეგმავ მისი რომელიმე სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერას-მეთქი, არ იქნება მართალი. გიოს სიმღერების გადაკეთებას არ ვაპირებ. მას თავისი სახასიათო ჟანრი ჰქონდა. მირჩევნია ჩავრთო და მოვუსმინო. სახლში ჩემთვის, “სახლურად”, ზოგჯერ ვასრულებ მის სიმღერებს, ხან რომელს, ხან – რომელს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მისი “ამოდი, ამოანათე”.
– რითი გავხარ?
– ვინც დედას იცნობს, ამბობს, რომ მას ვგავარ. ხალხმა გიო იცის და მას მამსგავსებენ. ხასიათით, ჟესტებით, ქმედებით ვგავარ. ყველაზე მეტად მაინც – აქტიურობით. არც მე შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. ემოციურობით ვგავარ. ბავშვივით უხაროდა რაღაცები. მეც როცა იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, ემოციურ ტალღაზე ვდგები…
მართალია, ზუკას მომღერლობა პროფესიად არ გაუხდია, თუმცა სცენაზე დგომისა და სიმღერის მანერით მამას ძალიან დაემსგავსა და ამით ამაყობს. პატარაობიდან ამოუდგა მამას გვერდით და სულ მღეროდა…
ელენე ხუციშვილი: – მე და გიოს დიდი მეგობრობა გვქონდა. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა.
მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა.
ნატო გელაშვილი: – მისი სიმღერების გაცოცხლებით, გიო სულ ცოცხალია. ამიტომ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ, რომ გარდაცვლილია.
გიოსთან ერთად სიმღერა და ღადაობა მენატრება, სულ ვმაიმუნობდით. დამირეკავდა და ვმაიმუნობდით. ამ პანდემიის დროს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგის წუწუნს რა გაუძლებდა, სახლში რა გააჩერებდა სამი თვე. მაიას გააგიჟებდა. მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობის სხვა ფორმას მოიგონებდა. ყველა წესს დაიცავდა. მე წესების დამცველი არ ვარ და მეტყოდა, გიჟი ხარ, ტოო, გაიკეთე პირბადეო.
დაბადების დღეს გილოცავ, ხუცო, იქ, ცათა სასუფეველში… ისევ ძალიან ახლოს ხარ აქ ჩემს გულში… პირველი რეპეტიციიდან ბოლო შეხვედრამდე, ბევრი ულამაზესი მოგონება დამიტოვე, მეგობარო. მადლობა, რომ იყავი, ხარ, და იქნები.
კომენტარი