რატომ უცხადებს 8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატს პროტესტს?
8 საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება "დინამო თბილისის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგის", "სიონის", "ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა მიიღეს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სფფ-ში გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხს კლუბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ისინი სახელმწიფოსგან 2-2 მილიონ ლარს მიიღებენ, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.
ამასთან, შპორტალლ.გე-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ცალკე ჩემპიონატს ჩაატარებენ.
კლუბების დაფინანსების საკითხს და მათ პოზიციას საქართველოს სპორტისა დ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გამოეხმაურა.
"იმის ილუზია, რომ წელსვე ბიუჯეტიდან კლუბების დაფინანსება მოხდება, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს, ჯერჯერობით მაინც. ეს შეიძლება განხორციელდეს დროთა განმავლობაში, სპორტული ინტერესების დაცვით. რაც შეეხება გორის "დილას" საკითხს, სპორტის სამინისტროსგან ფინანსირება არ და ვერ მოხდება. კლუბს აფინანსებს მუნიციპალიტეტი, როგორც აქამდე იყო", - აცხადებს სპორტის მინისტრი.
ყიფიანის თქმით, არ ეთანხმება იმ ადამიანების ხედვას, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ გორის "დილა" ფინანსდება, სხვა კლუბებიც აუცილებლად უნდა დაფინანსდნენ. "იქიდან გამომდინარე, რომ ეს გუნდი ევროპის ლიგაზე გადის, მისი დაფინანსება სახელმწიფოსგან გამართლებულია, რადგან ამ გუნდის არგმოასვლა ევროსარბიელზე უფრო მეტი სირცხვილი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ამ გუნდის ფინანსირება", - აცხადებს ყიფიანი.
კომენტარი