სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია: მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი

მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრას ჰქვია შტურმი, როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით.

„არ გადადგომის ძირითადი მოტივი რა იყო – ჩვეულებრივი პრინციპი. როდესაც ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობას ვუხდი. ბევრჯერ მოვუხადე და დღესაც მოვუხდი. მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან. ამ დროს გადადგომით მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ გულწრფელად, რომ ასეთი ორი ადამიანი გვყავს. პასუხისმგებლობას ასევე ვგრძნობ იმაზე, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ზრუნვის ვალდებულება, ასევე იმაზე, რომ ის ადამიანები და პოლიციელები, რომლებიც კეთილსინდისიერად, ბოლო ორი საათის განმავლობაში იდგნენ და ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომ ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს და მათ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ხვალ, ზეგ და მაზეგ ქვეყანას უნდა ემსახურონ უკეთესად, უფრო რაფინირებულად, ეფექტურად, მაგრამ უნდა ემსახურონ.

სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურ შეჭრას ჰქვია შტურმი, აქ ხომ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით – შტურმით შეჭრას ჰქვია თავისი სახელი, ამას ჰქვია როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. დამთავრდა. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100