კოტე ყუბანეიშვილი: სუსტი ადვილი დასაჯმელია
თბილისში ხალხი განწყობილია
იხელმძღვანელოს იმის შეგნებით
რომ ყველაფერი ჩაწყობილია
და იმართება მიშას გეგმებით
სუსტი ადვილი დასაჯმელია
და რაღა არის მეტი სამსჯელი
ბოროტმოქმედი დასასჯელია
უმკაცრესია მისი სასჯელი
ფარისევლობა უჭირთ ალალებს
მშვიდი გაურბის გამოანჩლებას
და მეც არავინ აღარ მავალებს
იდიოტების გამოსარჩლებას
ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის
გთხოვთ გავაგრძელოთ დინჯი თვალთვალი
და გამოჩნდება მართლაც ვინ არის
ამ ყველაფერში ალალ მართალი
მეს ეს სიბნელე ვერას დამაკლებს
რადგან სინათლეს სული მივეცი
სანამ სიმართლე მალაპარაკებს
და აქილევსათ გადავიქეცი
ვერ დამაბრკოლებს გზათა სიძნელე
საკუთარ შიშის გასამართლებლად
და რაც დიდია უფრო სიბნელე
მით ადვილია გასანათებლად
ის რაც ძალიან მიყვარს ფულია
თუმც არ ავიღე როცა წინ მედო
და სწორედ ეს ის სიყვარულია
რაც ცალმხრივია და უიმედო
მე ვეუბნები უფალს მადლობას
რომ საკუთარ თავს ვერ ვეცრუები
არ ვუშინდები უსამართლობას
და ძალადობას ვერ ვეგუები
თუმცა მსაჯულიც არ ვთვლი სხვისი ვარ
გამოსავლენად მახინჯ დროების
და არ მგონია რომ დღეს ღირსი ვარ
ამის გულისთვის დაჯილდოების
ვერც ჩემი თავი გამომიცვლია
როლი მოვირგო ნაირნაირი
და ამიტომაც არ შემიძლია
უკვე მოქცევა მე სხვანაირი
გინდა იტირე გინდა იყვირე
ოღონ ბოროტი ძალა არ აქო
თუ პოეტი ხარ დააფიქსირე
შენ პოზიცია სამოქალაქო
როგორც ეტყობა მუქთად ფაფხურობთ
ვერც დაშინებით ვერც მოფერებით
მე შეიძლება გამანადგუროთ
მაგრამ ამ ლექსებს ვერ მოერევით
თუ შიშის ჭია სულში შეძვრება
რაზეც იტყოდა ფრანგი სე ლა ვი
მე სწორედ მაშინ ძალა მეძლევა
ყველა ძალათა გადამთელავი
კომენტარი