სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის პირველი ინციდენტი მოხდა

"სახალხო კრება" თბილისსა და ბათუმში პარალელურად იწყებს ქმედებას, რომელსაც გამოსვლების დაწყებამდე გულდაგულ ასაიდუმლოებდა: თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის, ბათუმში კი აჭარის ტელევიზიის შენობების პიკეტირება.

ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან უკვე შეკრებილი არიან როგორც დემონსტრანტები, ასევე "სახალხო კრების" ლიდერები, მიმდინარეობს ტრიბუნისა და მიკროფონების დამონტაჟების პროცესი.

"სახალხო კრების" მოთხოვნა საზმაუსა და აჭარის ტელევიზიის მიმართაც ერთი და იგივე შინაარსისა: საპროტესტო გამოსვლების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. პირდაპირი ეთერის დათმობისთვის "სახალხო კრებამ" საზოგადოებრივ მაუწყებელს ვადა ულტიმატუმის ტონით, 20 საათამდე მისცა.

ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პირდაპირი ეთერი 15 წუთის ფარგლებში, ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს, რის შემდეგაც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც ხალხის დაშლა დაიწყო.

"აპსნი.ჯი"–ს ინფორმაციით კი, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც "სახალხო კრების" მხარდამჭერებმა ტელევიზიის შენობას ქვები დაუშინეს.

ამ წუთებში აჭარის ტელევიზიის შესასვლელს პოლიცია იცავს. მომიტინგეები ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არიან შეკრებილები. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სპეცრაზმელები იცავენ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასაც. ჩვენი ჟურნალისტების ინფორმაციით, შენობის შიდა პერიმეტრში დაცვის დამატებითი კონტიგენტია შეყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100