რუსეთის მორიგ სარაკეტო თავდასხმას ორსული ქალი ემსხვერპლა - "არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“
დნიპროზე ოკუპანტების მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი. "ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, - აცხადებს პრეზიდენტი. ცნობისათვის, გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 2 ადამიანი, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული გამოცემა Dnepr news- ის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდა ორსული ქალი და ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, ხოლო დაშავებულები - ორი ქალი და ორი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის განმარტებით, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ხანძარი ლიკვიდირებულია. ამავე გამოცემის ცნობით, დნიპროზე თავდასხმის გარდა, მტერმა წუხელ ნიკოპოლის რაიონსაც დაარტყა, თუმცა იქ არავინ დაშავებულა.
კომენტარი