სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვაპატიეთ, იუნკრებო, ჩვენ ჯერ კიდევ აღვნიშნავთ 23 თებერვალს „ბიჭების დღედ“...

90 წელი არც ისე დიდი დროა, რომ ხალხს დაავიწყდეს, რა ხდებოდა დროის ამ მონაკვეთის წინ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოკლე მეხსიერება ჩვენი აქილევსის ქუსლია.

“დრონი.ჯი“ დღეს თქვენთან ერთად შეეცდება გაიხსენოს 90 წლის წინანდელი, დღესაც აქტუალური ისტორია, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ ქართველებს, რომლებიც სწორედ ამ დროს, თბილისის მისადგომებთან უზარმაზარ წითელ მონსტრს ებრძოდნენ. მონსტრს, რომელსაც ერთი მოჭრილი თავის ნაცვლად სამი ამოსდიოდა.

დღეს უკვე 23 თებერვალია. კარგა ხნის მანძილზე ჩვენ ამ დღეს საბჭოთა არმიის დღედ აღვნიშნავდით სულაც არ ვწუხდით იმ იუნკრებზე, რომლებმაც სწორედ ამ არმიასთან ბრძოლას, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას შესწირეს თავი. მეტიც – არათუ ვწუხდით, საბჭოთა სკოლებში ეს დღე „ბიჭების“ დღედ იყო მიჩნეული და, როგორც წესი, უფროსკლასელები მხიარული თავშეყრით აღვნიშნავდით ხოლმე. იმის ნაცვლად, რომ კოჯორში, შინდისსა და ტაბახმელაზე ავსულიყავით, თანაკლასელი გოგონებისგან საჩუქრებს ვიღებდით და აქედანვე ვიჭერდით თადარიგს, რათა საპასუხო, სარვამარტო საჩუქარზე გვეფიქრა...

სამწუხაროდ, ასეა დღესაც - ჩვენი შვილები, ძმისშვილები, მეგობართა შვილები და სხვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ (ზოგიერთები უმაღლეს სასწავლებლებშიც), ინერციით აღნიშნავენ 23 თებერვალს, როგორც „ბიჭების დღეს“. ეს ხდება მშობლების, პედაგოგების თვალწინ - თბილისშიც და რეგიონებშიც. საოცარი ქვეყანა ვართ: აღვნიშნავთ ოკუპაციის კვირეულს და ამავდროულად, მომავალი თაობის ნაწილი, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა ჩაიბაროს, 23 თებერვალს აღნიშნავს, როგორც „ბიჭების დღეს“ და ეს არც გვიკვირს, პირიქით - ფულსაც ვაძლევთ, რომლებსაც კლასელები საჩუქრისთვის და სუფრისთვის აგროვებენ...

არადა, 1921 წლის 23 თებერვალს კოჯორთან და ტაბახმელასთან ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ დაახლოებით ჩვენი საბჭოთა დროინდელი სკოლის ასაკის პირტიტველა ქართველი ბიჭები, იუნკრები – სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

1921 წლის 23 თებერვალს თბილისში ჯერაც კიაფობდა იმედი, რომ ყველაფერი დაკარგული არ იყო. ტაბახმელადან და კოჯრიდან ყველას სცემდა სისხლის სუნი, მაგრამ მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 თებერვალი ჯარის მიერ დატოვებული დედაქალაქისთვის წითლად გათენდებოდა.

გავიხსენოთ ისტორიულ წყაროებში შემონახული აღწერა იმისა, თუ რა ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 1921 წლის 23 თებერვალს:

„1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:

“შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!“

მაგრამ, სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილის ნაცვლად, მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების სათავეში იყვნენ ისეთი პირები, რომლებმაც რეალობას გვიან გაუსწორეს თვალი. დღეს ყველამ იცის, როგორ შეუცხადებია და არ დაუჯერებია ნოე ჟორდანიას რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა და როგორ წამოუძახებია: ვერ დავიჯერებ, ლენინი მე არ მომატყუებდაო.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა უთხრა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაშინდელი მთავრობის ერთ–ერთ წარმომადგენელს, როცა მან, ფერდაკარგულმა მოახსენა, შინდისი დავკარგეთო: „შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ!..“

დღევანდელი გადასახედიდან თქმა ადვილია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ გენერალმა კვინიტაძემაც მაშინ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით გამართლებული, მაგრამ ფსიქოლოგიური კუთხით გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თბილისის დატოვების განკარგულება გასცა. ამ გადაწყვეტილებამ მორალურად გატეხა არმიაც და ხალხიც. მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გადავიდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.

რუსეთის სცენარი 1921 წელსაც ისეთივე იყო, რაც ამ იმპერიას საერთოდ, ოდითგანვე ახასიათებდა: „წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორის. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება.

წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა „ საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)” რომელსაც ვითომ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა , საშა გეგეჭკორი, და სხვები .

იმავე დღეს, 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს. რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა, რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა, ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.

საქართველოში შემოიჭრა სომხეთს და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია: სოჭის რაიონიდან აფხაზეთში და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ. ძალები აშკარად არათანაბარი იყო. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ თურქეთმა სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო.

მიუხედავად ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა, ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული (შეუძლებელია 2008 წელი დასაკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დაცვისსაბაბით წარმოებული შეტევები არ გაგახსენდეს..).“

1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუგდნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მტერი წინ ვერ მოიწევდა. ომი უფრო და უფრო სისხლისმღვრელი ხდებოდა.

იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი ‘წითელი’ იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ.

იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ.

სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე ‘მაქსიმისაკენ’.

მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა ‘მაქსიმის’ ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

ქართველთა თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად 20 თებერვალს მე-11 წითელი არმია უკუგდებულ იქნა. 22 თებერვალსაც გაიმართა ბრძოლა, მაგრამ ოკუპანტებმა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწიეს. 23 თებერვალს თბილისში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა: დიდი პატივით დაკრძალეს ბრძოლებში დაღუპულები, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოეტის კოტე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო, რომელიც მოხალისეთა რაზმში იბრძოდა.

სხვათა შორის, შემორჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული კინოჩანაწერი, რმელშიც არის კადრები, თუ როგორ შემოჰყავთ იუნკრებს თბილისში წითელი არმიის დატყვევებული ჯარისკაცები... მსგავსად იმისა, ძველ რომში ტრიუმფის დროს რომ ჩამოატარებდნენ ტყვებს.

24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები აღარ გააჩნდა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დახმარება ვერ მიიღო. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა და დიდი შემართებისა, ქართველები დამარცხდნენ:

„24 თებერვალი ზარბაზნების გრიალით გათენდა, 20 ნაბიჯს იქით აღარაფერი სჩანს. ჩვენები ყოველ მტკაველ მიწას ზედ აკვდებიან... თოვლი გაწითლდა, გვამები მოძრაობას ანელებენ, ხელჩართული ბძოლები არ წყდება, „ურა“ და „ვაშა“ ერთმანეთში ირევა.

20 წლის იუნკრები ერთგული არიან თბილისის ქუჩებში ჩუმათ დადებული ფიცისა: „ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან!“ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულგანგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას...“

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ‘ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა” - იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს, მაშინ კი პირქუში ეკლესია, „სობორო“ იდგა. იუნკრების ღვაწლის დაფასება და მათი ხსოვნის უკვდავყოფა ქართველებმა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დავიწყეთ. ხელისუფლების გადაწვეტილებით, კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, ხოლო ყოველი წლის 23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა, თბილისის საკრებულომ კი იუნკრების გმირობის უკვდავსაყოფად ძველი თბილისის რაიონში მდებარე იმ ქუჩას, სადაც მემორიალი დგას, იუნკერის ქუჩა უწოდა.

საქართველოში საბჭოთა არმიის აჩრდილი დღესაც დადის, რამდენიმე ძირძველ მიწას კი, იმედია, დროებით, სწორედ ეს აჩრდილი დაეპატრონა.

ჯერაც არაა ჩავლილი საფრთხე, რომ 23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღიდან ისევ საბჭოთა არმიის შექმნის დღედ იქცეს, ხოლო თბილისში წელიწადის რომელიმე დღე სწორედ ისე, 1921 წლის იმ 25 თებერვლის მსგავსად გათენდეს, როგორც სტატიის ბოლოს დართულ ისტორიულ ვიდეომასალაზეა აღბეჭდილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100