„თუ "ღლიცინს" გავაგრძელებთ, ქვეყანას ექიმებიც აღარ ეყოლება...მეც მყავს სამი შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის წევრები არ მინახავს, განა არ მენატრება?"
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა ფიზიკური დისტანცირების და სახლში დარჩენის მითითებებს არ დაემორჩილება, საქართველოს შესაძლოა, ექიმებიც აღარ ჰყავდეს.
ლევან რატიანის თქმით, ახალი კორონავირუსის შესახებ მსოფლიომ ბოლომდე ჯერჯერობით არაფერი იცის და ერთადერთი რაც დანამდვილებით ცნობილია, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობაა.
„ამ ეტაპამდე დაიჭირა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, არ მინდა ცუდი სიტყვა - „ღლიცინს“, რასაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ნამდვილად ქართველი ექიმები. დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი“, - უთხრა დღეს, 16 აპრილს მედიას ლევან რატიანმა.
მან ყველას, ერსაც და ბერსაც მიმართა, ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცია დაიჭირონ: „მეც მყავს სამი შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის წევრები არ მინახავს. განა არ მენატრება?! მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ“.
კომენტარი