ნოდარ ხადურის ანგარიში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 3 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
2013 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები - ანგარიში ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააცნო. 2013 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლებმა 63,5 მილიონი ლარით გადააჭარბა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ დროისთვის საგადასახადო შემოსავლების კუთხით მობილიზებულია მილიარდ 615 მილიონზე მეტი ლარი. პირველი კვარტლის მონაცემების შეფასებისას ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ტენდენცია გრძელდება. ფინანსთა მინისტრის განცხადებას, ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით, საკანონდებლო ორგანოში ეხმიანებიან. უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ფინანსთა უწყების პირველ პირს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციასა და ნოდარ ხადურის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ციფრებს შორის 20-მილიონიანი ცდომილებაა. ზურაბ ჯაფარიძე ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის შენელებაზეც საუბრობს და მმართველ გუნდს აქტიურობისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო უმცირესობას უმრავლესობამ უპასუხა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებებს არასერიოზული უწოდა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაზრდილია და გეგმიდან გადაცდომას ადგილი არ აქვს.
სპეციალისტები წითელას მეორე ტალღას პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წითელათი ინფიცირების შემთხვევები აპრილის ბოლოდან შემცირდება, თუმცა პარალელურად, მეორე ტალღას პროგნოზირებენ. ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე წითელას 667-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 63 პაციენტი გადის, მათგან შვიდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰოსპიტალური მკურნალობით 242-მა ადამიანმა ისარგებლა.
ფოთის პორტის საბაჟოზე ინდური კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოთის პორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ინდოეთიდან საქართველოში 56 000 კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ფოთის პორტის ვეტერინარების მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგინდა, რომ გაყინული კამეჩის ხორცი საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, სანებართვო, ასევე ტრანსპორტირებისთვის დადგენილი სავალდებულო პირობების დარღვევის გამო, მავნებელი სურსათი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება გაუგებარი მიზეზით ებრძვის ახალციხის რაბათის კომპლექსს. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ჯერ რაბათის ციხის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტი დაიხურა, შემდეგ 165-მა ადამიანმა სამუშაო დაკარგა. დარჩენილ პერსონალს კი ხელფასები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ასევე, დაიკითხა ყველა მშენებელი, რომელიც რაბათის ციხეზე მუშაობდა. დაკითხვაზე იმყოფებოდა ყოფილი გამგებელიც და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით თუ ხელისუფლება ბრძოლას არ შეწყვეტს, რაბათის ციხის გადასარჩენად მოძრაობა შეიქმნება. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს დღეს კულტურის სამინისტროში უპასუხეს. მინისტრის მოადგილის თქმით, იგეგმება კომპლექსის განვითარება და ხელისუფლება არაფრის დანგრევას არ აპირებს. მარინე მიზანდარის განცხადებით, მხოლოდ ხარვეზები გამოსწორდება. რაც შეეხება მეჩეთში მდებარე ჯვრის გამოსახულებიან ბარელიეფებს, მიზანდარის ინფორმაციით, მის გადატანასთან დაკავშირებით სამინისტრომ მოლაპარაკება საპატრიარქოსთანაც გამართა. საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც რაბათის ციხისა და მეჩეთის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს კრენფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების სკოლის პროფესორ ენდრიუ კაკაბაძეს შეხვდა. ენდრიუ კაკაბაძე არის 32 წიგნის, 18 მონოგრაფიისა და 200–ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. "ჰარვარდის ბიზნეს რევიუმ" ენდრიუ კაკაბაძე მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა სიაში და მსოფლიოს 50 წამყვან მოაზროვნეთა შორის დაასახელა. ენდრიუ კაკაბაძე მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი გავლენის მქონე კვლევითი ინსტიტუტის EABIS-ის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების კურსის დახურვის ცერემონიალს დაესწრო და კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახლებული სასწავლო პროგრამა გაიარეს. პროგრამა უცხოელი ექსპერტების დახმარებით შეიქმნა, სწავლების პროცესში კი თანამედროვე მეთოდები გამოიყენებოდა. განსაკუთრებული ყურადღება პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს მიექცა.
ხმაური ბაჩო ახალაის სასამართლო პროცესზე. ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვისას დღეს 5 პირი მოწმის სტატუსით დაიკითხა. პროცესმა ხმაურით ჩაიარა. მოწმეებისთვის დასმული შეკითხვები არაერთხელ გახდა დაპირისპირებული მხარეების პროტესტის მიზეზი. დღესვე დაცვის მხარემ პროკურატურა მოწმეების მიმართ ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. კერძოდ, ახალაიას და სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მოწმეებს სასამართლოში პოლიცია მიაცილებს, რაც მათზე ზეწოლის ნიშანია. აქედან გამომდინარე ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ საქმეს დაერთოს ვიდეომასალა, რომელიც სასამართლოს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. შუამდგომლობას შეეწინაღმდეგა პროკურორი. ბრალდების მხარემ განმარტა რომ პოლიციელების თანხლებით მოწმეების პროცესებზე მისვლა უსაფრთხოებიდან და წესრიგის დამყარებიდან გამომდინარე ხდება. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, წამების ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე ახალაიას, ზურაბ შამათავას, გიგი კალანდაძისა და სხვა ბრალდებულების სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" უახლოეს დღეებში პროკურატურას განცხადებით მიმართავს. საია-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა აჭარაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიკერძოებულია და ფაქტები არაობიექტურადაა გამოძიებული. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ სამინისტრო თავისი თანამშრომლების დანაშაულებრივ ქმედებებს ხელს აფარებს. საია პროკურატურისგან ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა სამსახურებრივი გულგრილობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. მაია ფანჯიკიძე ბრაზილიაში აკრედიტებულ ლათინური ამერიკის ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიო ბრანკოს ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა. ღონისძიების მიზანი გალის რაიონის სკოლების დახმარებაა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს რთულ პირობებში უწევთ სწავლა, რადგან სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არის გამართული. კონცერტიდან შემოსული თანხა, რომელშიც ქართველმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა, გალის რაიონის სკოლებს მოხმარდება.
კომენტარი