სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ კიტოვანი: ომის დროს ანქვაბი შევარდნაძემ ოფიციალურად დანიშნა „ნამესტნიკად“

მოსკოვში მყოფმა თენგიზ კიტოვანმა ერთ-ერთ რუსულ ინტერნეგამოცემას მისცა ინტერვიუ, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია:

„ბატონი ანქვაბი მაშინ გავიცანი, როცა ის გივი ლომინაძეს ჩაენაცვლა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი გივი ლომინაძე 19192 წლის 24 ივნისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან). მაშინ მე ჩავედი სოხუმში და შევთანხმდით, რომ მინისტრი ანქვაბი ყოფილიყო. მას შემდეგ არ შევხვედრივარ, მაგრამ ვიცოდი, რას საქმიანობდა და როგორ იყო დაკავშირებული ავთანდილ იოსელიანთან და ედუარდ შევარდნაძესთან. ანქვაბი სწორედ შევარდნაძესა და იოსელიანს ემსახურებოდა, შევარდნაძის კურსის მხარდამჭერი იყო, რადგან ერთ დროს იგი სწორედ შევარდნაძის მინისტრობის დროს მუშაობდა საქართველოს სსრ-ს შსს-ში.

სხვათა შორის, მე მახსოვს, რომ ანქვაბის პროქართულ საქმიანობაზე არაერთხელ მიუტანიათ ეჭვი თვითონ აფხაზებს. ასე მაგალითად, ვლადისლავ არძინბა, რომელიც მაშინ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში ოფიციალურად ამბობდა, რომ ომის დაწყების ზღურბლზე დგომის დღეებში, ანქვაბმა, ფაქტობრივად, განაიარაღა და დაშალა აფხაზეთის შინაგანი ჯარების პოლკი. ამავე დროს, ანქვაბმა თავისი სამინისტროს თანამშრომლებს იარაღის მუდამ თან ტარება აუკრძალა და აიძულა ისინი, იარაღი შესანახად ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის უფროსის, ავთანდილ იოსელიანისადმი დაქვემდებარებულ უწყებაში დაეტოვებინათ, რათა „იარაღი უკეთ ყოფილიყო დაცული“. ამავე დროს, გაიხსენეს ისიც, რომ ანქვაბმა არ აცნობა არძინბას აფხაზეთში ქართული ჯარის შესვლისა და ამ ჯარის სავალ გზაზე აფხაზური მხარის მიერ დაგეგმილი, ხიდების აფეთქების პროცესის ჩაფუშვის შესახებ.

- ეს როგორ, ანქვაბმა ქართული ჯარის აფხაზეთში შესვლის შესახებ წინასწარ იცოდა?

- სავარაუდოდ, იცოდა, რადგან 10 აგვისტოს შევარდნაძე, ავთანდილ იოსელიანის მეშვეობით, არძინბასა და ანქვაბს ესაუბრა და უთხრა მათ, რომ ქართული არმია კონტროლს დაამყარებდა რკინიგზაზე, რომელიც საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებდა. საქმე ის გახლდათ, რომ ტვირთი არ ჩადიოდა არც საქართველოში, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში. ხალხი იქ მატარებლებს ძარცვავდა.“

კიტოვანი გამოცემის ჟურნალისტს უჩვენებს დოკუმენტს, რომელიც ქართულ და რუსულ ენებზეა შედგენილი და რომელიც, მისი თქმით, ამტკიცებს, რომ სახელმწიფო საბჭოს ძალების მიერ სოხუმის აღებისთანავე ედუარდ შევარდნაძემ ანქვაბი სოხუმში თავის „ნამესტნიკად“ დანიშნა.

„შეყვანილ იქნას ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში და დაევალოს მას ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ფორმირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - კითხულობს თენგიზ კიტოვანი. – „აი, აქ ყველაფერია და ხელს აწერს ედუარდ შევარდნაძე. ანქვაბი ოფიციალურად გახდა თანამდებობის პირი, რომელიც დანიშნული იყო შევარდნაძის მიერ. ის ვალდებული იყო, დაელაგებინა სიტუაცია, დაენიშნა ან მოეხსნა ხალხი, შეესრულებინა ედუარდ შევარდნაძის ბრძანებები. ის ვალდებული იყო, მოეხსენებინა შევარდნაძისთვის, სად რა ხდებოდა - ყველა ინფორმაცია უნდა მიეტანა მასთან“.

- იმასაც ამბობენ, რომ ანქვაბი აფხაზური არმიის შესახებ ინფორმაციას ქართველებს აწვდიდა. მართლა ასე იყო?

- მაშინ ის ერთი ქვეყანა იყო და მას საქართველო ერქვა. რასაც ანქვაბი აკეთებდა, ის არ იყო დანაშაული და ბოროტმოქმედება. მას უნდა ეკეთებინა ის, რასაც შევარდნაძე და ავთანდილ იოსელიანი უბრძანებდნენ. მას მაშინ არანაირი უფლება არ ჰქონდა, ინფორმაცია არ გადაეცა - ქართულ დაზვერვაზე მუშაობდა. 3 სექტემბერს ჩვენ მოსკოვში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 25 თუ 26 რიცხვში შევარდნაძე ამერიკაში გაფრინდა, იქ სპეცსამსახურებს დაუკავშირდა და აფხაზეთში ნატოს სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანა უნდოდა. სწორედ ამიტომ განაიარაღა მან ქართული არმია და იგი, ფაქტობრივად, თავდაცვისუუნარო გახადა.

სწორედ იმ დროს გაგრაში დაიჭირეს ის დაქირავებული ხალხი, ვინც არძინბას ემსახურებოდა. ელცინმა, როცა გაიგო, რომ შესაძლოა, აფხაზეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალები შეეყვანათ, აფხაზეთზე ზეწოლა გააძლიერა. ანქვაბი კი მთელი ომის განმავლობაში შევარდნაძესა და იოსელიანს ემსახურებოდა, მათთან ერთად მუშაობდა.

-ანქვაბმა ქართულ მხარეს გაუწია რაიმე სახის დახმარება, როცა მან (ქართულმა მხარემ) სოხუმი აიღო?

-რასაკვირველია. ის გვაწვდიდა ცნობებს, რა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ აფხაზური შენაერთები და ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. ისიც კი ვიცოდით, რომ 16-17 მარტს ქალაქში შემოსვლას აპირებდნენ. როცა რუსმა სამხედროებმა არძინბას 900 ავტომატი გადასცეს, ანქვაბმა ეს ცნობა თბილისს მიაწოდა. წინააღმდეგობა გაიზარდა, როცა მათ ეს ავტომატები მიიღეს.

- გაგრის აღებაში ანქვაბის როლი რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

- ეს როლი მის მიერ გადმოცემულ ცნობებში ვლინდებოდა და იმ დოკუმენტებში, რომლებსაც გადმოგვცემდა და სადაც ჩანდა, რა გეგმებს ამუშავებდნენ აფხაზი სამხედროები. 1993 წლის შემოდგომაზე სოხუმი გარშემორტყმული იყო აფხაზი მოხალისეებით. ტყვეობის საფრთხე ედუარდ შევარდნაძესაც დაემუქრა, მაგრამ მან ალყაშემორტყმული ქალაქიდან გაქრობა მოახერხა. როცა სოხუმი აიღეს, აფხაზური შენაერთების ხელში ტყვეების სახით აღმოჩნდნენ ჟიული შარტავა და 17 პროქართული მინისტრი. ყველა დახვრიტეს.

- მართალია, რომ ანქვაბი სოხუმის აღების დღეს შევარდნაძეს ქალაქიდან გასვლაშიც დაეხმარა?

- დიახ, ეხმარებოდა. სწორედ ის იყო კონტაქტში რუს სამხედროებთან, რომლებმაც სოხუმიდან ედუარდ შევარდნაძის გაყვანა უზრუნველყვეს. ამას მხოლოდ ანქვაბი არ ცდილობდა, რადგან არსებობდა ბრძანება, რომ შევარდნაძე ცოცხალი უნდა წასულიყო სოხუმიდან. სხვათა შორის, შევარდნაძემ შარტავა მიატოვა და თვითონ გაფრინდა“.

თენგიზ კიტოვანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანქვაბთან მიმართებაში დიდი გეგმები ჰქონდა: „აფხაზეთი რომ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, შეთანხმების მიხედვბით, ანქვაბი მისი ლიდერი უნდა გამხდარიყო. მან კარგად იცოდა როგორც ქართული, ასევე აფხაზური ხასიათი, ორ ენას ფლობდა“ - ამბობს კიტოვანი.

„მართალია, მაშინ აქედან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ადრინდელი კავშირები დარჩა. ახლა ანქვაბმა აღადგინა თავისი ქართული კავშირები, როგორც ვიცი“.

-ანქვაბი ერთადერთი იყო, ვინც მაშინ ქართულ მხარესთან თანამშრომლობდა თუ თანამზრახველები კიდევ ჰყავდა?

- რა თქმა უნდა, კიდევ იყვნენ. ახლა რა, ცოტანი არიან? ოღონდ, ჯერ ვერაფერს გეტყვით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100