აზიის განვითარების ბანკისგან მოზიდული 100 მილიონი ლარის სესხით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსებს
20 თებერვალი, 2015 წელი - თიბისი ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ხელი მოაწერეს 100 მილიონი ლარის ოდენობის სასეხო ხელშეკრულებას, რომლის თანხებიც მოხმარდება თიბისი ბანკის მიერ მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესების დაფინანსებას საქართველოს რეგიონებში.
ეს არის ქართული ბანკის მიერ მიღებული ყველაზე მსხვილი რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ლარის რესურსი აზიის განვითარების ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად ქართულ ბაზარზე. ტრანზაქციის ორგანიზატორი იყო თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ბროკერი.
„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ასეთ მასშტაბურ ტრანზაქციაში, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკისა და საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვის ზოგადად. არსებული რესურსი საშუალებას მისცემს თიბისი ბანკს, გაააქტიუროს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესების დაფინანსება რეგიონებში. ჩვენი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან ყოველთვის წარმატებული იყო და იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საინტერესო პროდუქტების შეთავაზებას ქართული ბიზნესისთვის,“ - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებული ობლიგაციები გაიყიდა ნომინალური ღირებულებით, ცვლადი სამთვიანი კუპონის განაკვეთით, რომელიც მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების განაკვეთზე. ობლიგაციების დაფარვა 2018 წლის 15 თებერვალს განხორციელდება.
„მოხარული ვართ, რომ შევძელით თიბისი ბანკისთვის შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელიც მოხსნის ვალუტის გაცვლითი კურსის რისკს და წაახალისებს როგორც კერძო ინვესტიციებს, ასევე დასაქმებას მთელი საქართველოს მასშტაბით,“- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ტოდ ფრილენდმა.
აზიის განვითარების ბანკის შესახებ
აზიის განვითარების ბანკი დაარსდა 1966 წელს, ამჟამად მას ფლობს 67 ქვეყანა 48 სხვადასხვა რეგიონიდან. სათავო ოფისი მდებარეობს მანილაში, ფილიპინებში.
აზიის განვითარების ბანკის მიზანია სიღარიბის შემცირება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკის განვითარების, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდისა და განვითარების და ასევე რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
თიბისი ბანკის შესახებ
თიბისი ბანკი, საქართველოს ერთერთი წამყვანი ბანკია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტებისა და მომსახურების ფართო არჩევანს კორპორატიული, მცირე და საშუალო, მიკრო და საცალო ბიზნეს ხაზების საშუალებით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელში 45% ეჭირა საცალო, 33% კორპორატიულ, 15% მცირე და საშუალო,ხოლო 7% მიკრო სესხებს.
თიბისი ბანკი ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში საცალო სესხებისა და დეპოზიტების სეგმენტზე, სადაც მას 33% და 34% ბაზრის წილი უჭირავს, ხოლო მთლიანი აქტივებისა და სასესხო პორტფელის ბაზრის წილები შესაბამისად 26% და 28% -ს შეადგენს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით თიბისი ბანკის რეიტინგები განისაზღვრა როგორც BB- / B ( Fitch) და B1 / Ba3 ( Moody’s)
კომენტარი