სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გადაწყვეტენ გრეჩიხას მიერ შემოლაწუნებული ბიწაძე და ბურჯანაძე?

მაშ შემდეგ რაც „ოქროს ბიჭებმა“ სრულიად ამერიკის მასშტაბით მოიჭრეს თავი და ვერც „ონკანი გადაკეტეს“, „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი, ეროსი კიწმარიშვილი ე.წ. „სახალხო კრებას“ ზავს და თანამშრომლობას სთავაზობს.

აღმოჩნდა, რომ 16 მაისი „ქართული პარტიისთვის“ მწარე გაკვეთილი იყო... თუ აქამდე გაჩეჩილაძე-კიწმარიშვილი-სუბარი თბილისიდან და ოქრუაშვილი ელისეის მინდვრებიდან, ნინო ბურჯანაძეს მრავალფეროვანი და შეურაცხმყოფელი იარლიყებით ამკობდნენ, ამერიკის საელჩოს წინ განცდილი პოლიტიკური კრახის შემდეგ, „ქართული პარტია“ სხვაგვარად აჭიკჭიკდა... 

სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით: "ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს .

"დემოკრატიულ მოძრაობასა" და "სახალხო კრებასთან" 21 მაისის გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გამოთქვა. მისი თქმით, შექმნილი რეალობიდან და საზოგადოებაში არსებული მოლოდინებიდან გამომდინარე, "ქართული პარტია" მზად არის, "სახალხო კრებასა" და ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციები დაიწყოს.

"მზად ვართ დღეიდანვე დავიწყოთ ღია კონსულტაციები, 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში, იმ წარმონაქმნთან, რასაც "სახალხო კრება" ჰქვია. ეს ჩვენი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო".

ჯერჯერობით უცნობია ნინო ბურჯანაძის პოზიცია. თუმცა, თუ მის ამბიციებსა და გაჩეჩილაძის მიერ მიუნხენის აეროპორტში გალაწუნებულ ბადრი ბიწაძის ფაქტორს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ პარლამენტის ექს-სპიკერმა, კიწმარიშვილის შეთავაზებას პოლიტიკური ცინიზმითა და ჩვეული ირონიით უპასუხოს.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე, ცოტა ხნის წინ, ბურჯანაძეს მწვავედ აკრიტიკებდა, ბიწაძეს კი, სადაც მოიხელთებდა იქ „ლოცავდა“ მრავალსართულიანებით... თავის მხრივ, ბადრი ბიწაძე, გრეჩიხას, სულ „ერთი ადგილის არ მქონესა“ და არაკაცს ეძახდა. მართალია, ყოველივე ეს კიწმარიშვილმაც მშვენივრად იცის, თუმცა, როგორც ჩანს, „ქართულ პარტიას“ 16 მაისის კრახის შემდეგ, მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ მასზე უფრო მარგინალსა და პრორუს ნინო ბურჯანაძეს „მიჰყიდოს სული“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100